ტაილანდი

ტაილანდის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე არჩევნებში გამარჯვებული პარტიის კანდიდატი დაბლოკა

წინსვლის პარტიის ლიდერი, პიტა ლიმჯაროენრატი ტაილანდის პარლამენტში მისვლისას ჟურნალისტებისთვის კომენტარებს აკეთებს. 2023 წლის 13 ივლისი
Lauren DeCicca/Getty Images

ტაილანდის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე 14 მაისს ჩატარებული ეროვნული არჩევნების გამარჯვებული წინსვლის პარტიის ლიდერის, პიტა ლიმჯაროენრატის კანდიდატურა დაბლოკა.

ორპალატიანი პარლამენტის 715 წევრიდან 395-მა პიტას კანდიდატურის წინააღმდეგ მისცა ხმა, 312 იყო მომხრე, 8 პარლამენტარმა თავი შეიკავა, თავად პიტას კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

მანამდე, ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრემიერმინისტრობის მოსურნე პოლიტიკოსს პარლამენტში მისი კანდიდატურის კენჭისყრის წინ კანონმდებლის სტატუსი დროებით შეუჩერა.

პიტას კანდიდატურისთვის ხმის მიცემა ტაილანდის პარლამენტში პირველად გასულ კვირაში გაიმართა, თუმცა პრემიერმინისტრის პოსტის დასაკავებლად საჭირო, ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა მაშინაც ვერ მოიპოვა.

არჩევნებში წინსვლის პარტიის დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ტაილანდს უკვე 65-ე დღეა მთავრობა არ ჰყავს და ქვეყანას მოვალეობის შემსრულებელი ადმინისტრაცია მართავს.


14 მაისს ჩატარებული არჩევნების შედეგებით, წინსვლის პარტიამ პირველი ადგილი დაიკავა და წარმომადგენელთა პალატის 500 ადგილიდან 152 მოიპოვა. როგორც გამარჯვებულმა, წინსვლის პარტიამ მომავალ პრემიერმინისტრად საკუთარი ლიდერი, პიტა ლიმჯაროენრატი დაასახელა.

პიტას პარტიამ კოალიციური მთავრობის შექმნის იმედით, შვიდ პარტიასთან ერთად საერთო პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

23-პუნქტიან შეთანხმებაში შენარჩუნებულია იმ პოლიტიკური დღის წესრიგის ძირითადი ნაწილი, რომელმაც წინსვლის პარტიას 14 მაისს გამარჯვება მოუტანა, თუმცა დოკუმენტში გარკვეულ საკამათო საკითხებს გვერდი აუარეს. მაგალითად, ყველაზე სადავო საკითხი, რომელიც მონარქიის კრიტიკის წინააღმდეგ მიმართულ მკაცრ კანონში შესწორებებს მოიაზრებს, შეთანხმების დოკუმენტში ნახსენებიც არ არის.

ცვლილებებისთვის ამომრჩეველთა განწყობის კიდევ ერთი გამომხატველი არმიის დიდი ხნის მეტოქე ოპოზიციური ფეუ თაის პარტიის მეორე ადგილზე გასვლაცაა. სწორედ ამ პარტიის მიერ შექმნილი მთავრობა 2014 წელს სამხედრო გადატრიალებით შეცვალეს.

რვა პარტიამ შეთანხმებას ამჟამინდელი პრემიერმინისტრის, პრაიუთ ჩან-ოჩას მიერ არმიის დახმარებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებიდან ზუსტად რვა წლის თავზე მოაწერა ხელი.

შეთანხმება მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა ახალი, უფრო დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, ადმინისტრაციული ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, სამხედრო გაწვევიდან ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურზე გადასვლა, პოლიციის რეფორმა და სხვა.

კომენტარები