ლატვია

ლატვიის პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა

კრიშიანის კარინში
Nicolas Economou/NurPhoto via Getty Images

ლატვიის პრემიერმინისტრმა, კრიშიანის კარინშმა დღეს, 14 აგვისტოს გადადგომის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი სამთავრობო კოალიცია დაიშალა.

კარინშმა თავის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია "ახალ ერთობას" უთხრა, რომ გადადგომის შესახებ წერილის გაგზავნას ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს 17 აგვისტოს გაუგზავნის. პარალელურად, მან პარტიას პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატის დასახელებისკენ მოუწოდა. 

პარასკევს, 11 აგვისტოს კარინშმა აღნიშნა, რომ პარტია "ახალი ერთობის" "ეროვნულ ალიანსის" და "გაერთიანებული სიის" პარტიებთან კოალიციურ ერთობის დაშლას აპირებდა. ამის მიზეზი, ადგილობრივი მედიის ცნობით, მოკავშირე პარტიების მხრიდან მინისტრთა კაბინეტის ცვლილებების შესახებ კარინშის გეგმების უარყოფა იყო. გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებისას კარინშმა კოალიციური პარტნიორები "კეთილდღეობისა და ეკონომიკური ზრდისთვის სამუშაოს ხელშეშლაში" დაადანაშაულა.

გარდა ამისა, კარინშმა თქვა, რომ ახალი კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს სხვა პარტიებთან, მათ შორის, პროგრესულ პარტიასთან და მწვანეთა და ფერმერთა კავშირთან. მან ასევე აღნიშნა, რომ "დროსა და ენერგიას დაუთმობს სხვა, ალტერნატიული მთავრობის ფორმირების შესაძლებლობების ძიებას".

ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა კრიშიანის კარინშს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა

"სეიმში [ლატვიის პარლამენტში] წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებთან ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანების, პრემიერმინისტრობის კანდიდატისა და სამთავრობო მოდელის შესახებ კონსულტაციები მალე გაიმართება". - თქვა მან.

კომენტარები