ლატვია

კერძო ფრენების სკანდალის გამო, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს

კრიშიანის კარინში
Nicolas Economou/NurPhoto via Getty Images

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა დააანონსა, რომ ის თანამდებობას 10 აპრილს დატოვებს - გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას სახელმწიფო ხარჯებით კერძო თვითმფრინავებით სარგებლობის შესახებ სკანდალს უკავშირდება. ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მედია ავრცელებს. 

თავად კარინში, რომელიც ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტს 2019-2023 წლებში იკავებდა, ბრალდებებს უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მზადაა გადადგეს "იმისთვის, რომ ხელი არ შეუშალოს მთავრობის მუშაობას".

გასული 2023 წლის ბოლოს ევროსაბჭომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ლატვიის მინისტრის დელეგაციების ფრენებზე რამდენჯერმე მეტი დაიხარჯა, ვიდრე სხვა მონაწილეებისაზე. 2019 წლიდან 2021 წლამდე კარინშის ფრენებზე გაწეული ხარჯები 613 830 ევროს, ანუ  ევროკავშირის სხვა 26 წევრი ქვეყნის მთავრობების ფრენების მთელი ბიუჯეტის მეხუთედს უტოლდებოდა. 

გარდა ამისა, ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის მიერ ჩატარებული ინსპექტირებით დადგინდა, რომ კარინშმა ფრენებზე კიდევ 600 000 ევრო ქვეყნის შიდა ბიუჯეტიდანაც დახარჯა - ბოლო 2 წლის განმავლობაში მან კერძო თვითმფრინავით 18-ჯერ ისარგებლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გასულ კვირას ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ ფრენებთან დაკავშირებით კარინშის მიერ თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო.  

კრიშიანის კარინშის გადადგომიდან მეორე დღეს პარლამენტი ლატვიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურას უყრის კენჭს. 

ლატვიის პრემიერმინისტრმა, ევიკა სილინამ ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ამჟამიდნელი საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიტიკურ კარიერას არ დაასრულებს და ევროპარლამენტის არჩევნებში კენჭს იყრის. 

კომენტარები