თხილის მოსავალი

ენმ გურიაში თხილის ბიზნესში დაზარალებული ფერმერებისთვის კომპენსაციის გადახდას ითხოვს

wikimedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობისაგან "თხილის ბიზნესში დაზარალებული გლეხების კომპენსაციას" ითხოვს. საკითხზე 24 აგვისტოს ოზურგეთში ფრაქციის ადგილობრივმა ლიდერებმა ისაუბრეს. 

ენმ ხელისუფლებისაგან პროგრამის შემუშავებას ითხოვს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ისე დაეხმარება, როგორც კახეთში ყურძნის მოსავლის განადგურების დროს ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ თხილის დაბალი ფასების გამო გურიაში კრიზისი გარდაუვალი იქნება. 

ენმ-ს ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, კახა ასკურავას თქმით, წელს თხილს რეკორდულად დაბალი ფასი აქვს. მისი თქმით, წინა წლებში ქობულეთსა და გურიის სოფლებში ერთი კილოგრამი თხილის ჩაბარების თანხა 10-დან 14 ლარამდე მერყებოდა, ახლა ფასი 2-3 ლარი ან ნაკლებია. 

ოზურგეთის საკრებულოში ენმ-ის წევრის, ბესო ქათამაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ თხილის გაუმჯობესების პროგრამაზე 21 მილიონი ლარი დახარჯა, ჩაბარების დაბალი ფასის გამო გლეხების მდგომარეობა უარესდება.

"თხილის ხარისხი გაუმჯობესდა მონოპოლიზებული ბაზრისთვის, რომელიც მაფიოზურად ხელში აქვთ ჩაგდებული ოცნების მაღალჩინოსნებს. ერთადერთი, რაც გურულ გლეხს ამ რთული ვითარებიდან გამოიყვანს, არის სუბსიდირება გურული გლეხის". - ამბობს ქათამაძე.

ოზურგეთში ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, თათია ნიკოლაშვილის მტკიცებით, "წილში ჩაუსხდნენ მაღალჩინოსნები და ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს. სისხლის ფასად მოპოვებულ მოსავალს წყალში უყრიან ამ ადამიანებს. მინიმალურ ფასზე დავარდა ბოლო წლებში თხილი და შემდეგ თავად გააქვთ ექსპორტზე, თავად ყიდიან უფრო მაღალ ფასად, იღებენ მოგებას და დამატებით მდიდრდებიან ამ მშრომელი ადამიანების ხარჯზე".

ენმ-ს თხილის ფერმერების დახმარების ინიციატივა რამდენიმე დღის წინ, კახეთის რეგიონში ყურძნის მოსავლის განადგურების შედეგად ფერმერთა კომპენსირების ინიციატივის მსგავსია.

ენმ-ს დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა მოსავლის გარეშე დარჩენილი გლეხებისთვის სახელმწიფოს მიერ რთვლის სუბსიდიისთვის გამოყოფილი თანხის გადანაწილების საჭიროების შესახებ ისაუბრა. ინიციატივა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შეგროვებული წინა წლის მონაცემების საფუძველზე წელს მოსავლის გარეშე დარჩენილი გლეხების კომპენსაციას გულისხმობს, კერძოდ, შარშან ჩაბარებული ყურძნის თითოეულ კილოგრამზე დაზარალებულმა ოჯახებმა სუბსიდიისთვის გამოყოფილი თანხიდან 20 თეთრი უნდა მიიღონ.

კომენტარები