დღეს, 12 აგვისტოს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება. მხარეები ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში იკრიბებიან. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფება.
"წლიური სტატისტიკა თუ გაინტერესებთ, შემიძლია გითხრათ, რომ დღეის მონაცემებით, ჯამში უკანონოდ 25 მოქალაქე დააკავეს და უკანონო ბორდერიზაციის 28 შემთხვევა დაფიქსირდა. დღემდე ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება 4 თანამოქალაქე. შეხვედრაზე მოვითხოვთ განახლებულ ინფორმაციას...". - თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უკანონო ბორდერიზაციას ამ დრომდე აგრძელებენ.