კლიმატის აქტივისტთა გაერთიანების, უკანასკნელი თაობის წევრებმა ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭის 6-ვე სვეტი ნარინჯისფერი და ყვითელი საღებავებით შეღებეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერლინის პოლიცია ავრცელებს.
პოლიციამ ადგილზე აქციის 14-ვე მონაწილე დააკავა და შენობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გაერთიანების წევრები კლიმატის დაცვის სფეროში პოლიტიკურ ცვლილებებსა და პარიზის კლიმატის შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. მათი ლოზუნგია: "უარი წიაღისეულს - წინ სამართლიანობისკენ".
"ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენს პროტესტს, სანამ არ დაიწყება ცვლილება. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის გამოყენება არაუგვიანეს 2030 წლისთვის." - წერს უკანასკნელი თაობა X-ზე.
2015 წელს შემდგარ პარიზის შეთანხმებას 197-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. პარიზის შეთანხმება ითვალისწინებს გლობალური ტემპერატურის შენარჩუნებას პრეინდუსტრიულ მაჩვენებელზე არაუმეტეს 2 გრადუსისა, რადგან მეცნიერების აზრით, ამ ნიშნულზე მაღალი მაჩვენებელი პლანეტის ეკოსისტემის განადგურებას გამოიწვევს.