საბავშვო ევროვიზია

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა, საქართველომ მე-14 ადგილი დაიკავა

2023 წლის საბავშვო ევროვიზია საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა. მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, ჯამში 228 ქულით პირველი ადგილი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელმა, ზოი კლოზურმა დაიკავა.

საქართველო, რომელსაც წლევანდელ კონკურსზე ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარმოადგენდნენ, მე-14 ადგილზე გავიდა. კონკურსში სულ 16 ქვეყანა მონაწილეობდა.

თავდაპირველად საქართველო ევროვიზიაზე მხოლოდ პროექტ რანინას გამარჯვებულს, ანასტასია ვასაძეს უნდა წარედგინა, მაგრამ მოგვიანებით 11 წლის მომღერალს რანინას ორი მონაწილე შეუერთდა.

საქართველო საფრანგეთთან ერთად საბავშვო ევროვიზიის ყველაზე წარმატებული მონაწილე ქვეყანაა. პირველად საქართველომ 2008 წელს პროექტ ბზიკებით გაიმარჯვა, 2011 წელს პირველადგილოსანი გახდა ჯგუფი ქენდი, 2016 წელს კი კონკურსი მარიამ მამადაშვილმა მოიგო. 2022 წლის ჯუნიორ ევროვიზიაზე ქართველმა მონაწილემ, მარიამ ბიგვავამ მესამე ადგილი დაიკავა.

კომენტარები