აივ ინფექცია

გარდაიცვალა ჩინელი ექიმი, კაო იაოძიე, რომელმაც ჩინეთში შიდსის ეპიდემია გამოააშკარავა

კაო იაოძიე მის მიერ ჩინეთში შიდსის შესახებ დაწერილი წიგნით ხელში, პეკინი, 2007 წლის 22 თებერვალი
AP Photo/Greg Baker, File

ცნობილი ჩინელი ექიმი და აქტივისტი, კაო იაოძიე, რომელმაც ჩინეთში 1990-იან წლებში შიდსის ეპიდემია გამოააშკარავა, კვირას, 10 დეკემბერს აშშ-ში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის 95 წლის იყო.

კაო ჩინეთში შიდსის გავრცელებასთან დაკავშირებით ყველაზე ცნობილი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც ხმამაღლა ისაუბრა სისხლის გაყიდვის სქემებზე, რომლის შედეგადაც ჩინეთში, ძირითადად მის მშობლიურ პროვინცია ხენანში, ინფექცია ათასობით ადამიანზე გავრცელდა.

პროფესიით გინეკოლოგი კაო, რომელიც შორეულ სოფლებში პაციენტების სამკურნალოდ გზებზე ხშირად დღეებს ატარებდა, პირველად აივ ინფექციით გამოწვეული შიდსის მქონე პაციენტს 1996 წელს შეხვდა. ქალი ვირუსით ოპერაციისას გადასხმულმა სისხლმა დააინფიცირა. ადგილობრივი სისხლის ბანკის ოპერატორები პროცედურებისას ხშირად იყენებდნენ ჭუჭყიან ნემსებს და ფერმერების სისხლისგან პლაზმის ამოღების შემდეგ ნარჩენს მომავალი გადასხმებისთვის იყენებდნენ, რაც ისეთი ვირუსების გავრცელებისთვის, როგორიცაა აივი, იდეალურ პირობებს ქმნიდა.

მაშინ კაომ ვირუსის გავრცელების მასშტაბის დასადგენად სოფლებში ადამიანების სახლების მონახულება დაიწყო. ბევრგან მას წარმოუდგენელი სურათი დახვდა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც შიდსით მშობლები იღუპებოდნენ და ბავშვები უპატრონოდ რჩებოდნენ. ზოგიერთი მონაცემით, აივ ინფექცია პროვინციაში უკვე ათიათასამდე ადამიანზე იყო გავრცელებული, თუმცა იმის გამო, რომ მთავრობა ეპიდემიის დამალვას ცდილობდა, ზუსტი რაოდენობის დასადგენად კვლევა არ ჩატარებულა.

სიტუაციის გამოსასწორებლად კაომ სოფლების ავადმყოფ მოსახლეობას საკვები, ტანსაცმელი და წამლები მიაწოდა, ეპიდემიის შესახებ კი ხმამაღლა დაიწყო საუბარი. მისმა ქმედებებმა გააღიზიანა ადგილობრივი მთავრობები, რომლებიც ხშირად ეპიდემიის მთავარ წყაროს, სისხლის ბანკებსაც უჭერდნენ მხარს.

თავისი საქმიანობის გამო, რომელიც მსოფლიო მასშტაბითაც გახდა ცნობილი, კაოს ხშირად უკრძალავდნენ ქვეყნის დატოვებას. 2001 წელს მას აშშ-ში გაეროს ჯგუფის ჯილდოს მისაღებად პასპორტი არ მისცეს. 2007 წელს კი ხენანის მთავრობამ ის 20-დღიან შინაპატიმრობაში გამოკეტა, რათა კაო პეკინში აშშ-ს ვიზის მისაღებად არ ჩასულიყო. საბოლოოდ, ექიმს საბუთების აღების ნება მისცეს და 2009 წელს ის აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად.

მიუხედავად მტრული განწყობისა, კომუნისტურმა რეჟიმმა შიდსთან ბრძოლაში მისი წვლილი გარკვეულწილად მაინც აღიარა. ჩინეთის მთავრობა უკვე 2000-იან წლებში იძულებული გახდა გამკლავებოდა შიდსის გავრცელებით გამოწვეულ კრიზისს.

კაო იაოძიე 1927 წლის 19 დეკემბერს, აღმოსავლეთ ჩინეთის შანტონგის პროვინციაში დაიბადა. ის ჩინეთის ისტორიის მღელვარე პერიოდში გაიზარდა. მოესწრო ქვეყანაში იაპონიის შეჭრასა და სამოქალაქო ომს, რამაც საბოლოოდ მმართველობა კომუნისტურ რეჟიმს ჩაუგდო ხელში.

მოგვიანებით მისი ოჯახი საცხოვრებლად ხენანის პროვინციაში გადავიდა, სადაც ადგილობრივ უნივერსიტეტში მედიცინას სწავლობდა.

კომენტარები