ევროკომისია

POLITICO: ევროკომისია ბრიუსელის შტაბ-ბინაზე ანტისადრონო სისტემების მონტაჟს განიხილავს

James Arthur Gekiere/Belga via AFP/Getty Images / POLITICO

Politico-ს ინფორმაციით, ევროკომისია ბრიუსელში, Berlaymont-ის შტაბ-ბინაზე დრონების საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ დაიწყო იმ კომპანიების მოძიება, რომლებიც შენობას შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფენ. როგორც წყაროები Politico-სთან ანონიმურობის პირობით ამბობენ, დრონების საწინააღმდეგო სისტემები უპილოტო საფრენი აპარატების საშუალებით ჯაშუშობისა და ფიზიკური თავდასხმებისგან თავის დასაცავად იქნება გამიზნული. 

გამოცემა ასევე წერს, რომ არასანქცირებული დრონები, რომლებიც დაფრინავენ მნიშვნელოვან საჯარო შენობებთან ახლოს, უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენენ.

"ევროკომისია სხვა დაინტერესებულ მხარეებსა და მასპინძელი ქვეყნის [ბელგიის] ხელისუფლებასთან ერთად განიხილავს ყველა შესაძლო ზომას ამ საფრთხეზე რეაგირებისთვის. რადგან ეს არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი, კომისიას არ შეუძლია დამატებითი კომენტარის გაკეთება იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულია ან მომავალში მიიღება". - თქვა ევროკომისიის წარმომადგენელმა Politico-სთან. 

იმ პირებმა, რომლებმაც გამოცემასთან ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს, უარი თქვეს, დაეზუსტებინათ, კონკრეტულად რა ტიპის სისტემა იგულისხმება ანტისადრონო აღჭურვილობაში. 

თუმცა, Politico წერს, რომ როგორც წესი, ეს შეიძლება იყოს კამერები, რომლებსაც შეუძლიათ უპილოტო საფრენი აპარატების იდენტიფიცირება, ან ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც აფერხებენ დრონის ფუნქციონირებას.

Berlaymont-ის შენობაში, რომელშიც განთავსებულია კომისიის მაღალი რანგის 32 000 თანამშრომელი, ასევე ცხოვრობს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.

ევროპულმა საბჭომ, რომელიც წარმოადგენს EU-ს წევრ ქვეყნებს და რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს Berlaymont-ის შენობასთან ახლოს, და ევროპარლამენტმა, რომლის მთავარი შენობა ბრიუსელში დაახლოებით 1 კილომეტრის რადიუსშია, უარი განაცხადეს, ეპასუხათ კითხვაზე, განიხილავენ თუ არა მსგავსი ზომების მიღებას.

კომენტარები