ევროკომისია

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის კიდევ 5 წლით პრეზიდენტობის სურვილი დაადასტურა

ურსულა ფონ დერ ლაიენ

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ სურვილი აქვს, ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას კიდევ ხუთი წლით უხელმძღვანელოს.

შესაბამისი განცხადება ფონ დერ ლაიენისა და მისი პარტიის, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, სადაც მის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

"დღეს მსოფლიო სრულიად სხვანაირია ვიდრე 2019 წელს იყო. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ და ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე წარმოვიდგენდით". - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის ნომინაცია მარტის დასაწყისში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ყოველწლიურ ყრილობაზე დადასტურდება. ევროპის სახალხო პარტიაში შიდა განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 21 თებერვალია.

ევროკომისიის პრეზიდენტს ევროკავშირის საბჭოს კვალიფიციური უმრავლესობა ნიშნავს. შემდეგ კი საბჭოს წინადადება პარლამენტში გადადის, სადაც ხმათა აბსოლუტური უმრავლესობაა საჭირო.

კომენტარები