ახალი რუსული კანონი

ინსტიტუციური ჰომოფობიის ნათელი გამოვლენაა – კლუბი KHIDI საკონსტიტუციო ცვლილებაზე

KHIDI

კლუბი KHIDI განცხადებას აქვეყნებს, სადაც მთავრობის მიერ "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" მოტივით დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებას ეხმაურება.

კლუბი წერს, რომ ქართული ოცნება "პოპულისტური საკანონმდებლო ცვლილებით ცდილობს თავისუფალი და კრიტიკული აზრის ჩახშობასა და წლების განმავლობაში სისტემურად მარგინალიზებული ჯგუფის იზოლირებას."

"ე.წ LGBTQI+ პროპაგანდის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია და წარმოებული საკანონმდებლო ინიციატივა ინსტიტუციური ჰომოფობიის ნათელი გამოვლენაა. მაშინ, როდესაც LGBTQI+ ადამიანები, მათი უფლებების დაცულობის კუთხით, არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან და ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში უთანასწორო მოპყრობის რისკის წინაშე იმყოფებიან, ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ დგამდეს ქმედით ნაბიჯებს მათი მდგომარეობის გამოსასწორებლად, აღნიშნული პოპულისტური საკანონმდებლო ცვლილებით ცდილობს თავისუფალი და კრიტიკული აზრის ჩახშობასა და წლების განმავლობაში სისტემურად მარგინალიზებული ჯგუფის იზოლირებას.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ დისკრიმინაციული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ საზოგადოების კონსოლიდაციას და სახელმწიფოს მხრიდან LBTQI+ ჯგუფის უფლებების რეალურ აღიარებასა და ჯგუფის საჭიროებებზე დაფუძნებული კომპლექსური ზომების მიღებას.

გვჯერა, მსგავსი მავნებლური ინიციატივები განწირულია მარცხისთვის, რადგან ჩვენ ვართ ევროპული, ტოლერანტული და თავისუფალი საზოგადოება, რომელიც ხელოვნურად გაჩენილ კრიზისს, მუდმივად საკადრისად პასუხობს." - ნათქვამია KHIDI-ს განცხადებაში.


25 მარტს მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება აინიცირებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას" შეეხება.

"გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებები დავაინიციროთ, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები. ამის შემდეგ, ახლო მომავალში, ჩვენ კანონებში შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებსაც დავაინიცირებთ, რომელიც, დაახლოებით, რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს [...] ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მისი მხარდაჭერა ახლა თუ არა, მომდევნო მოწვევის პარლამენტში მაინც იყოს უზრუნველყოფილი. ხოლო კანონებში ცვლილებებს კი, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მეტი კონკრეტიკა იქნება, ამ წელს გარანტირებულად მივიღებთ". - თქვა მდინარაძემ

კომენტარები