სილქნეტი

სილქნეტი: ჩვენი მომხმარებლების უკანონოდ მოპოვებული მონაცემები არ გავრცელებულა

http://silknet.com

სილქნეტის განცხადებით, მათზე განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად, კომპანიის მომხმარებლების პირადი მონაცემები არ გავრცელებულა.

"სილქნეტისთვის პერსონალური მონაცემების დაცვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ფუნდამენტურ საკითხებს წარმოადგენს. კომპანია მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ მცდელობაზე, რითიც შესაძლოა პოტენციური საფრთხე შეექმნას მომხმარებლების პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას.

2024 წლის მარტში, კომპანია სილქნეტში მომხმარებელთა პირადობის მოწმობის ასლების უნებართვო წვდომისა და მოპოვების ფაქტზე, შსს-ს, სუს-ისა და პროკურატურის თანამშრომლებმა 2 აპრილს ერთი ადამიანი ოპერატიულად დააკავეს. აღნიშნული პირი, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, გარკვეული რაოდენობის ფაილებს დაეუფლა, სადაც 1 700-მდე აბონენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი იყო.

სუს-ის მხრიდან ხსენებულ კომპიუტერულ ინციდენტზე მყისიერი პირველადი რეაგირების ღონისძიებების შედეგად, შსს-სა და პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობით, თავიდან იქნა აცილებული სილქნეტის მომხმარებელთა პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შემდგომი გავრცელება. სილქნეტი გაწეული დახმარებისთვის სუს-ს, შსს-სა და პროკურატურას მადლობას უხდის". - წერია სილქნეტის განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა სილქნეტის კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერშეტევისთვის ერთი პირი, 2001 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, ბრალდებული, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, სილქნეტის 5000-მდე მომხმარებლის პირადობის მოწმობის ციფრულ ასლს დაეუფლა და არალეგალური გზით, მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას ცდილობდა.

კომენტარები