რუსული კანონი

იმედი NGO-ებს მიმართავს, მათი ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლაზე პოზიცია გამოთქვან

მივმართავთ სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს - გამოხატონ საკუთარი პოზიცია ჩვენს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე - ტელეკომპანია იმედი კიდევ ერთ მიმართვას აქვეყნებს. 

"ტელეკომპანია იმედის გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმამ, დღეს, კიდევ ერთხელ მიიღო პერმანენტული და ძალადობრივი სახე.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე რადიკალური ჯგუფები, გარდა იმისა, რომ ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ფიზიკურად ესხმიან თავს იმედის ჟურნალისტებს. მოვუწოდებთ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს, მაქსიმალურად გააკონტროლონ მათ მიერ პარლამენტთან მობილიზებული ჯგუფები, რომ ჩვენს გადამღებ ჯგუფებს ხელი არ შეუშალონ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცველებს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება.

მივმართავთ სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს - გამოხატონ საკუთარი პოზიცია მედიაზე თავდასხმის ფაქტებზე.

ტელეკომპანია იმედმა, დღეს მიმართა დიპლომატიურ კორპუსსაც, თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია" - წერია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია იმედის დღეს გავრცელებული პირველი განცხადების მიხედვით, მათი თანამშრომლები ოპოზიციური მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წნეხის ქვეშ გრძნობენ თავს და ბულინგის ობიექტები ხდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

ტელეკომპანია თვლის, რომ ამ გზით ორგანიზაციები და მედიები ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ "განსხვავებულ აზრთან" ბრძოლას

კომენტარები