16 იანვარს, Gazprom-ის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება

16 იანვარს, 16:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან Gazprom-ის საწინააღმდეგო აქცია-კონცერტი გაიმართება. ორგანიზატორები არიან პლატფორმა - დაიცავი თავისუფლება, ჩვენი თავისუფლება, საზოგადოებრივი ინიციატივა, ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი, უსაფრთხოების საკითხების კვლევის ინსტიტუტი, სამოქალაქო ალტერნატივა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი.

"მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი მზად არის ნებისმიერი რაოდენობის ბუნებრივი აირი მოგვაწოდოს, ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებს ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და დღემდე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ.

გაზპრომთან მოლაპარაკებები და რუსული გაზის საქართველოში შესაძლო იმპორტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს ევროატლანტიკურ კურსს და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას.

ჩვენ, მუსიკოსები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ვატარებთ გამაფრთხილებელ აქცია-კონცერტს და იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეწყვეტს ოკუპანტთან მავნებლურ მოლაპარაკებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პროტესტი უფრო მტკიცე და მკაცრი გახდება.

დროა დავანახოთ ჩვენი ქვეყნის მმართველებს, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენი ნებართვის გარეშე ისინი ვერ მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას, ჩვენგან კი მათ ეს ნებართვა არ ექნებათ! ვფიქრობთ, რომ არ გვაქვს პასიურობის უფლება, შემოგვიერთდით, დაიცავით თავისუფლება" - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

აქცია კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნიაზ დიასამიძე, ეკო დეისაძე, ქეთათო, გამოუვალი მდგომარეობა და სხვები.

კომენტარები