ქართველი სამხედროები აფრიკაში

ხიდაშელი სამხედროებზე: პირველადი მონაცემებით, ძალადობრივი დანაშაული არ ჩანს

facebook.com/mod.gov.ge

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ, გამოძიების პირველადი მონაცემებით, ძალადობრივი დანაშაული არ იკვეთება.

"გადაწყვეტილება მაშინვე მივიღეთ, რომ ჩამოვაცილეთ თანამდებობას პირები, რომლებიც უშუალოდ კურირებდნენ 2014 წელს ამ თემებს. მათ შორის, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, რომელიც სამშვიდობო მისიებს ხელმძღვანელობდა, იმისათვის, რომ რაიმე მიზეზის გამო ვინმემ გავლენა ვერ მოახდინოს გამოძიებაზე. პირველადი მონაცემებით, შემიძლია, გითხრათ, რომ არავითარი ძალადობა, სისხლის სამართლის დანაშაულთან ახლოს მყოფიც კი არ ჩანს. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის სახელი და პრესტიჟი, რომელიც ამდენი წლის მანძილზე აშენა ქართულმა ჯარმა, რომლითაც ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ. ამიტომ, თუ ვინმემ ჩაიდინა რაიმე იმასთან ახლოს მყოფიც კი, უმკაცრესი სასჯელით დაისჯება სწორედ იმისათვის, რომ ერთი ან ორი ადამიანის მოქმედება მთელ დანარჩენ შეიარაღებულ ძალებზე არ გავრცელდეს", - თქვა ხიდაშელმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ზიდ რაად ალ ჰუსეინმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც კომისარი ამბობს, უკიდურესად საგანგაშოა ბრალდებები არასრულწლოვნებზე სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის შესახებ. როგორც დოკუმენტში წერია, სავარაუდო კრიმინალური შემთხვევების უმეტესობა 2014 წელს მოხდა, თუმცა, მხოლოდ ბოლო კვირებში გამჟღავნდა.

კომენტარები