საზოგადოებრივი მაუწყებელი

MDF: GPB-ის სამეურვეო საბჭოში ოპოზიციის ვაკანსიები ისევ დაუკომპლექტებელია

მედიის განვითარების ფონდმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ანგარიში გამოაქვეყნა. MDF წერს, რომ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის მიღებიდან 2 წლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი ისევ ვერ აღწევს კონსენსუსს ოპოზიციის მიერ ნომინირებულ კანდიდატებზე და სამეურვეო საბჭოში სწორედ ოპოზიციისთვის განკუთვნილი ორი ვაკანსიაა დაუკომპლექტებელი. მედიის განვითარების ფონდის შეფასებით, ეს მაუწყებლის მმართველ რგოლში კანონმდებლობით შემოთავაზებულ ბალანსს და მრავალფეროვან წარმომადგენლობას ვერ უზრუნველყოფს.

მედიის განვითარების ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა ოთხჯერ უყარა კენჭი მეურვეთა კანდიდატურებს და ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაღწია კონსენსუსს ოპოზიციის კანდიდატებთან დაკავშირებით. 2014 წლის მაისის კენჭისყრის შემდეგ, როცა პარლამენტმა ოპოზიციის არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი, პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს ახალი კონკურსი ორ ვაკანტურ თანამდებობაზე არ გამოუცხადებია.

MDF-ის კვლევის თანახმადვე, სამეურვეო საბჭოს კანონმდებლობით დადგენილი როტაციის პროცედურები არ ჩატარებულა, რის გამოც დღემდე არ არის განსაზღვრული - საბჭოს რომელი წევრი რა ვადით ასრულებს მასზე კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებას. სამეურვეო საბჭომ 2014 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, ახალი წევრების არჩევამდე გადადო კანონის იმ ნორმის ამოქმედება, რომელიც მის წევრებს შორის წილისყრით როტაციის ვადების განსაზღვრას ითვალისწინებს. საბჭოს თავმჯდომარემ ეს გადაწყვეტილება მომავალში ასარჩევი წევრების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების არგუმენტით ახსნა. ასევე აპელირება გააკეთა კანონზე, რომელიც არ აკონკრეტებს, თუ როდის უნდა ჩატარდეს წილისყრა.

„მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადები განუსაზღვრელია იმ პირობებში, როცა საბჭო 2014 წლის მაისიდან ასრულებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას. 2016 წლის მაისში საბჭოს 3 წევრს ეწურება 2-წლიანი ვადა, თუმცა რამდენადაც ვადები განსაზღვრული არ არის, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რომელ სამ წევრს მოუწევს როტაცია. მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის ის, რომ საბჭოს 2 წევრი ჯერ კიდევ არჩეული არ არის, რაც ნიშნავს, რომ წევრების ამ ეტაპზე არჩევის შემთხვევაში, ვადების ათვლის სქემა, რომელიც დადგენილი იყო გარდამავალი დებულებით, მთლიანად დაკარგავს თავის შინაარსს და ყოველ 2 წელიწადში საბჭოს ერთი მესამედის როტაციის მიზანი მიღწეული ვერ იქნება. ხოლო იმ პირობებში, თუ პარლამენტმა დარჩენილი 2 წევრი 2-წლიანი ვადის გასვლამდეც ვერ აირჩია, მივიღებთ სიტუაციას, როდესაც საბჭოს 3 წევრის უფლებამოსილების ვადა ამოწურულია, ხოლო 2 წევრი არჩეული არ არის", - წერია მედიის განვითარების ფონდის კვლევაში.

MDF-ის რეკომენდაციით, საქართველოს პარლამენტმა უნდა შეასრულოს კანონის მოთხოვნები, გამოაცხადოს კონკურსი კანონმდებლობით ოპოზიციისთვის განკუთვნილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე და სრულად დააკომპლექტოს სამეურვეო საბჭო.

„რათა საზოგადოებრივი არხის მმართვაში უზრუნველყოფილი იყოს განსხვავებული პოლიტიკური გავლენისა და ინტერესის ბალანსი. ასევე, საქართველოს პარლამენტმა გადახედოს მაუწყებლობის შესახებ კანონს და გაითვალისწინოს კრიზისული სიტუაციების დაძლევის საკანონმდებლო მექანიზმები, რათა მომავალში გამოირიცხოს საკანონმდებლო ნორმების უგულებელყოფის შესაძლებლობა", - ნათქვამია მედიის განვითარების ფონდის ანგარიშში და აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია კანონით განსაზღვრულ ვადებში სამეურვეო საბჭოს წევრების როტაცია.

„რათა უზრუნველყოფილი იყოს მეურვეთა ეტაპობრივი ჩანაცვლება და პოლიტიკური პროცესისგან საბჭოს დაკომპლექტების გამიჯვნა. მნიშვნელოვანია, სამეურვეო საბჭომ დროულად მოახდინოს კანონით დადგენილი წილისყრა, რათა განისაზღვროს მოქმედი წევრების როტაციის ვადები", - აცხადებს MDF.

მაუწყებლობის შესახებ კანონში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესით დაკომპლექტების შესახებ ცვლილებები 2013 წელს ივლისსა და ნოემბერში შევიდა. შედეგად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს არსებული მოდელი გარდაიქმნა და საბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 9-მდე შემცირდა.

ამასთან, შეიცვალა წევრთა არჩევის წესი. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს კანიდატების შესარჩევ ღია კონკურსს და ნიშნავს შესარჩევ კომისიას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. საჯარო განხილვების საფუძველზე კომისია არჩევს და პარლამენტს წარუდგენს კანდიდატებს, რომელთაგან თავის მხრივ კანონმდებლები კანდიდატურების ნომინირებას ახდენენ. საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა ორს წევრს ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის, სამს – ოპოზიციის, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

კომენტარები