საქართველოს პარლამენტი

დღეს მერვე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება

თორნიკე ბარათაშვილი

დღეს მერვე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა რიგგარეშე სხდომები დაინიშნოს.
პარლამენტის ოთხწლიანი მუშაობა შეაფასეს დეპუტატებმა. უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ პარლამენტმა ძალიან ბევრი "კეთილი საქმე" გააკეთა, თუმცა „უფრო მეტის მოსწრებაც შეიძლებოდა".

„დავიწყებ შრომის კოდექსით, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თვითმმართველობის რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, შსს-ს რეფორმა... ძალიან ბევრი კეთილი საქმე გააკეთა პარლამენტმა. ალბათ, შეიძლებოდა უფრო მეტის მოსწრება. მაგალითად, სასამართლოს რეფორმა ბოლომდე ვერ მოვასწარით. კიდევ არის კუდები დარჩენილი - თვითმმართველობის რეფორმა ბოლომდე ვერ მივიყვანეთ",- აღნიშნა ძიძიგურმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გია ბარამიძის თქმით, პარლამენტს პრაქტიკულად არ მიუღია მონაწილეობა არანაირ პროცესში, რომელიც ხალხს სჭირდებოდა.

"ფიზიკური შეხლა-შემოხლა, დაპირისპირება, შეურაცხყოფა, ნაცვლად კომპეტენტურ აზრთა ჭიდილისა. იყო შურისძიებით განმსჭვალული პროცესი - როგორ ვიძიოთ შური საკონსტიტუციო სასამართლოზე იმიტომ, რომ რუსთავი 2-თან და გიგი უგულავასთან დაკავშირებით რაღაც გადაწყვეტილება მიიღო. როგორ ვიძიოთ შური რუსთავი 2-ზე...„- ამბობს ბარამიძე.

თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ვიკა დოლიძემ კი აღნიშნა, რომ მეოთხე მოწვევის პარლამენტმა ბევრი კარგი რამ გააკეთა, თუმცა, მისი თქმით, სასამართლო ისევ ხელისუფლების დაქვემდებარებაშია.

„ვფიქრობ, რომ ამ პარლამენტმა ბევრი რამ გააკეთა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა რომ ავიღოთ. საერთაშორისო თემებზე მიღებული განცხადებები და რეზოლუციები, ჩვენი ევროკავშირთან შეთანხმების რატიფიკაცია... მაგრამ არ შეიძლება სასამართლო დაიქვემდებარო, რაც იყო წინა ხელისუფლების პერიოდში, ანალოგიური გრძელდება",- ამბობს დოლიძე.

კომენტარები