თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას თანამშრომლები ზეწოლაში ადანაშაულებენ

Facebook.com

თავდაცვის სამინისტროს ტაბულა მისივე თანამშრომლების ბრალდებებთან დაკავშირებით დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ საკითხს სწავლობენ და განცხადებას შემდგომ გაავრცელებენ.

საქმე ეხება პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ბექა ქირიასა და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის NATO-სთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის განყოფილების უფროს მარიამ თაყაიშვილის განცხადებებს.

ბექა ქირია ნეპოტიზმზე, კონკურსებისა და ვაკანსიების გაყალბებაზე საუბრობს. ის ასევე ხელმძღვანელობას მის წინააღმდეგ დევნაში ადანაშაულებს.

თაყაიშვილი კი ასევე ნეპოტიზმზე, "რესპუბლიკურ პარტიასთან" აფილირებული პირების დასაქმებასა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი მოლოდინის მხრიდან უწყვეტ შეურაცხყოფაზე ყვება, რის საფუძველზეც გენინსპექციას მიმართა. "ჩემ მიმართ ხორციელდებოდა საკმაოდ დიდი ზეწოლა. თვითონ ხელმძღვანელობის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ვიმედოვნებდი, რომ ეს პრობლემები მოგვარდებოდა. ამან პირიქით სისტემატური ხასიათი შეიძინა", - ამბობს ის. 

როგორც თაყაიშვილი ამბობს, სტრატეგიული კომუნიკაციები ახალი პროექტი და მიმართულებაა NATO-საქართველოს თანამშრომლობაში და აუცილებელია მასზე მუშაობა. "ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის რესურსი მთლიანად ხმარდება თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების რესპუბლიკელი მეგობრების, მფარველობის ქვეშ მყოფი პირების პიარს", - ამბობს თაყაიშვილი.

თაყაიშვილი და ქირია მიმართავენ საგამოძიებო ორგანოებს, დიპლომატიურ კორპუსს და საზოგადოების წარმომადგენლებს, სათანადო ყურადღება მიექცეს სამინისტროში არსებულ მძიმე ვითარებას.

კომენტარები