საქართველოს კონსტიტუცია

უსუფაშვილის ინიციატივაა, კონსტიტუციაში ევროატლანტიკური მისწრაფება დაფიქსირდეს

Jamestown.org

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მოუწოდა დეპუტატებს, პარლამენტში განიხილონ ინიციატივა, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ფრაზის - "დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში" - ჩამატების შესახებ. უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ორშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილება განაცხადი საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ.

„საქართველოს პარლამენტში ორშაბათს 15 საათზე გაიმართება პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილება საქართველოს პარლამენტში შემოსული განაცხადი, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც აპირებენ შეაგროვონ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერები და საქართველოს კონსტიტუციაში მოითხოვონ უბლოკო სტატუსის ჩაწერა. ანუ, კონსტიტუციურად აუკრძალონ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ ინიციატივის ავტორები არიან საქართველოს მოქალაქეები ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და სხვები. მინდა მოგახსენოთ, რომ პარლამენტი არც ერთ წუთით არ შეაყოვნებს იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რასაც ამ დროს ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა. მათ ექნებათ საშუალება, მათი წინადადება განიხილონ ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. ორშაბათს ბიუროზე არავის შევუქმნით პრობლემას ამასთან დაკავშირებით. მაგრამ, მინდა განვაცხადო, რომ ასეთი თემებით ასე სპეკულირება და საარჩევნო ქულების დასაწერად გაკეთება ყველაფრის, მათ შორის საქართველოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი ინტერესები არის დაუშვებელი და მიუღებელი" - თქვა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის ვერ იქნება "ამ მოვლენების პასიური მაყურებლის როლში". უსუფაშვილს სურს, პარლამენტში შეიტანოს ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების ჩაწერის შესახებ. მისი თქმით, ეს ცვლილება სჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას, მის მომავალს და მის კეთილდღეობას.

"კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში, იქ სადაც საუბარია იმაზე, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რისთვის სჭირდება მას სახელმწიფო დაემატოს ფრაზა "დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში". ეს იქნება, ჩემი აზრით, ადეკვატური პასუხი ყველა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც ამ საკითხს უყურებს ისე, როგორც ამ საინიციატივო ჯგუფის წევრები და ეს იქნება ჩვენი მისწრაფების გამოხატულება", - განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ერთი თვის წინ, პარლამენტის პოლიტიკურმა ფრაქციებმა ხელი მოაწერეს საერთო დეკლარაციას ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ, რომელიც საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა საქართველოს პრემიერმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

„მივმართავ ამ პოლიტიკურ ძალებს, ვინც ერთად განვაცხადეთ ჩვენი ურყევი ევროატლანტიკური რწმენის შესახებ, შემოუერთდეს ამ საკონონმდებლო ინიციატივას, რომელსაც მე თქვენი თანდასწრებით ვაწერ ხელს, და იგი იქნება გახსნილი საქართველოს პარლამენტის ყველა წევრისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საკმაოდ მალე შევაგროვებთ მინიმუმ 76 ხელმოწერას დავაფიქსირებთ ამ ინიციატივას პარლამენტში და უკვე მომავალი პარლამენტი სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და არა იმას, რომელიც შეიძლება იქნეს წარმოდგენილი. დეკლარაციის დოკუმენტზე ხელს აწერენ რესპუბლიკური პარტია, ქართული ოცნება, თავისუფალი დემოკრატები, ფორუმი, კონსერვატორები, ნაციონალური მოძრაობა. დარწმუნებული ვარ, ეს ძალები ამ ცვლილებასაც დაუჭერებნ მხარს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში წერია - "ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას".

კომენტარები