ყაზტრანსგაზ-თბილისი

ინტოქსიკაციის სიმპტომებით 11 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ინტოქსიკაციის სიმპტომებით 11 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოწამვლის სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირია. 

ოფიციალური ინფორმაციით, სულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში 15 შეტყობინება შევიდა. საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი ოთხმა განაცხადა. 11 კი, თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. რუსთავი 2-თან საუბარში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ადასტურებენ, რომ მათთან მსუბუქი ინტოქსიკაციით ორი პაციენტი მოათავსეს. ექიმების დახმარების შემდეგ, ორივე მათგანი სახლში გაწერეს. 

სასწრაფო დახმარების სამსახურის განმარტებით, მოქალაქეები გულისრევას და თავის ტკივილს უჩიოდნენ.

ცნობისთვის, დღეს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ თბილისის სხვადასხვა უბნებში ნივთიერება ოდორანტი გაუშვა, რომელიც ბუნებრივ აირს დამახასიათებელ სუნს აძლევს. მისი მიზანი ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენაა. კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის განცხადებით, ნივთიერება ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამასთან, ყაზტრანსგაზ-თბილისის ოდორიზაციის პროცესზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

"გვინდა, მოვუწოდოთ მოსახლეობას სიმშვიდისაკენ, რადგან პანიკის საფუძველი არ არსებობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ყაზტრანსგაზ-თბილისის განმარტებით, კომპანიის ცხელ გაზებზე ზარებმა მკვეთრად მოიმატა, ამიტომ აბონენტებს ზარის მოლოდინში უწევთ მოცდა. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, აუცილებლად დაელოდონ ოპერატორის პასუხს, საავარიო ბრიგადების ადგილზე მისვლამდე გადაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ონკანები და გაანიავონ ფართი. განცხადებაში ნათქვამია, რომ არცერთი ზარი არ დარჩება რეაგირების გარეშე და კომპანიის თანამშრომლები აბონენტებს უფასოდ მოემსახურებიან.

„აღნიშნულის გამო, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურის სპეციალურ ნომერზე (114), ქოლცენტრის ნომერზე (2404004), ასევე გადაუდებელი დახმარების ნომერზე (112) აბონენტთა ზარებმა მკვეთრად მოიმატა. შესაბამისად, აბონენტებს ზარის მოლოდინში უწევთ მოცდა. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" გთხოვთ, აუცილებლად დაელოდოთ ოპერატორის პასუხს" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები