თავდაცვის სამინისტრო

პრემიერი: გუშაგი მოქმედებდა ინსტრუქციის შესაბამისად, შეკითხვები გამორიცხულია

ტაბულა

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "სამხედროები მოქმედებდნენ ძალიან მკაცრად იმ ინსტრუქციების მიხედვით, რაც მათ გააჩნიათ". პრემიერმინისტრი კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე მომხდარ ინციდენტს და ახალგაზრდის მკვლელობას გამოეხმაურა. მისი თქმით, გუშაგი მოქმედებდა ინსტრუქციის შესაბამისად და ამ მიმართულებით შეკითხვები გამორიცხულია. კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის ალტერნატიული გამოძიებისთვისაც.

"მოგეხსენებათ, რომ სამხედრო ობიექტებს გააჩნიათ ძალიან მკაცრი დაცვის წესები და იმ სამხედროებს, რომლებიც იცავენ სამხედრო ობიექტს, აქვთ ასევე ძალიან მკაცრად გაწერილი ინსტრუქციები. ჯარისკაცი მოქმედებდა მთლიანად ამ ინსტრუქციების შესაბამისად, ამიტომ, ამ მიმართულებით შეკითხვები გამორიცხულია. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ ახალგაზრდა დაიღუპა ამ ინციდენტში, ანუ მოკლულია. მე მინდა, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ოჯახს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, გამორიცხულია რაიმე შეკითხვები. სამხედრო ობიექტებს აქვს ძალიან მკაცრი დაცვის წესები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან საფრთხილო. გამოძიებას რაც შეეხება, ის მიმდინარეობს. გამოძიების შედეგები გახდება ცნობილი. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ალტერნატიული გამოძიებისთვის გავხსნათ კარი. მე პირადად დეტალებში შევისწავლე ეს საკითხი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედროები მოქმედებდნენ ძალიან მკაცრად იმ ინსტრუქციების მიხედვით, რაც მათ გააჩნიათ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე სამი უცნობი პირი კვირას დილით შეიჭრა. უწყების მტკიცებით, ისინი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და მას ცეცხლმაქრი ესროლეს. ამის შემდეგ, გუშაგმა გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა.

"თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ", - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოაჩინეს 1993 წელს დაბადებული გიორგი შენგელიას ცხედარი.
 

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას შეფასებით, გუშაგი ნორმების დაცვით მოიქცა. მისივე თქმით, დაღუპულის ძმა კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე 15 სექტემბრამდე მსახურობდა და მის მიმართ გამოძიებას ნამდვილად აქვს გარკვეული კითხვები.

ამასთან, სასწავლო ცენტრ კრწანისში მომხდარი ინციდენტის დროს მოკლულის ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებას არ გამორიცხავს. ისინი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებენ. დაღუპულის მამის თქმით, საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ, დანაშაული მის მეორე შვილს დააბრალონ.

კომენტარები