საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში ცილისწამების და შეურაცხყოფის კრიმინალიზების ინიციატივას განიხილავენ

თორნიკე ბარათაშვილი

შესაძლოა, ცილისწამება და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს. საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე შევიდა. ბიურომ დაავალა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, განიხილოს საკანონმდებლო წინადადება და გადაწყვეტილების შესახებ ბიუროს აცნობოს.

პროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ "ცილისწამება და შეურაცხყოფა ხელყოფს არა მხოლოდ პიროვნების პატივსა და ღირსებას, არამედ ხელს უწყობს მოქალაქეთა ზნეობრივ გადაგვარებას, უწმინდურების დამკვიდრებას და საზოგადოებრიობის დემორალიზაციას".

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებული პროექტის თანახმად, "წინასწარი შეცნობით სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის სახელის გამტეხი არასწორი, ცრუ მონაჭორის გავრცელება საჯაროდ, ან პრესის, ან სხვა რაიმე სახის ტექნიკური საშუალებით, – ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან 20 000 ლარამდე ჯარიმით. განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება, ან ცილისწამება, რომელსაც თან ერთვის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის, ან მასში მონაწილეობის ბრალდება – ისჯება ორიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან 50 000 ლარამდე ჯარიმით".

ამავე პროექტით, "წინასწარი შეცნობით ფიზიკური ან იურიდიული პირის შეურაცხყოფა რაიმე უხამსი სიტყვიერი ან კარიკატურული ფორმით, ან ბეჭვდითი, ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან ჯარიმით 20 000 ლარამდე". განმეორების შემთხვევაში კი, "იგივე ქმედება, ან რასაც თან სდევდა პირის ფიზიკური შეურაცხყოფა, ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღმკვეთი ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან 50 000 ლარამდე ჯარიმით".

"ფარული ვიდეოგადაღებით მოპოვებული პირადი, საიდუმლო, ნეგატიური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ისეთი მონაცემების გავრცელება, რომელიც შეურაცხყოფს მის პირად ღირსებას და სახელს უტეხს საზოგადოების თვალში, ან ეროვნული – რელიგიური სარწმუნოების სიტყვიერი, ან რაიმე კარიკატურული ფორმით გამოხატული შეურაცხმყოფელი მასალის გავრცელება პრესის ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ისჯება – სამიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან 70 000 ლარამდე ჯარიმით", - ნათქვამია საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელსაც განმარტებითი ბარათი არ ახლავს. 

საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტში წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების ან კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომენტარები