საქართველოს პარლამენტი

ინაშვილი: ვყალიბდებით იმაზე, რომ გამოვაცხადოთ ბოიკოტის რეჟიმი

მეორე არხი

ფრაქცია საქართველოს პატრიოტები პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას აპირებს. ირმა ინაშვილი მიზეზად პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციებში დეპუტატთა კვოტირებას ასახელებს. მისი თქმით, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები არ არიან წარდგენილი ევროპულ დელეგაციებში, მათ შორის ეუთოში. შეთავაზებული მუდმივმოქმედი დელეგაციებიდან კი მათთვის არცერთი არ არის მისაღები. 

„ევროპულ საერთაშორისო დელეგაციაში ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილი და რჩება მხოლოდ ორი პარტია. ორი შეხმატკბილებული პარტია. თუ არ გვექნება საშუალება, ამ დელეგაციებში ვიყოთ სრულფასოვნად წარმოდგენილები, ვფიქრობ, არავითარი აზრი არ აქვს პარლამენტის სხდომებში მონაწილეობას და ჩვენ ახლა ვყალიბდებით იმაზე, რომ გამოვაცხადოთ ბოიკოტის რეჟიმი და არ მივიღოთ მონაწილეობა პარლამენტის სხდომებში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მიიღეს.

„ჩვენ მოქმედებთ კანონის სრული დაცვით. გარკვეული დამატებითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს ჩვენგან პატრიოტთა ალიანსი. პატრიოტთა ალიანსს იმ კვოტის ფარგლებში, რაც არის დადგენილი რეგლამენტით და გამომდინარეობს კანონიდან, ეკუთვნის ოთხი ადგილი. პირველ ეტაპზე, მათ თანხმობა განაცხადეს, თუმცა მოგვიანებით შეცვალეს პოზიცია. ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ოპოზიციის მოსაზრებები“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.  

კომენტარები