ნიკა გვარამიაზე თავდასხმა

რატი გაჩეჩილაძე 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე თავდასხმაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა. 

მოსამართლემ ბრალდების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გაჩეჩილაძეს 5000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფის გარეშე შეუფარდა. შესაბამისად, გაჩეჩილაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

რატი გაჩეჩილაძეს ბრალი დღეს წარედგინა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებიან.

გამოძიებას მის გარდა არავინ დაუკავებია, მიუხედავად იმისა, რომ გვარამია და სხვა მოწმეები ჯგუფურ ძალადობაზე მიუთითებდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

წინასასამართლო სხდომა 20 თებერვალს 13:00 საათზე გაიმართება.

ნიკა გვარამიას თავს 7 იანვარს რესტორან დაინინგ რუმში დაესხნენ, რა დროსაც ტვინის შერყევა მიიღო. მოგვიანებით, ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ, Facebook-ზე დაწერა, რომ თავდამსხმელი თავად იყო და მარტო მოქმედებდა. მისივე თქმით, "ეს იყო რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან". თავად ლევან გაჩეჩილაძე კი თვლიდა, რომ ხელის დარტყმისთვის მისი შვილი არ უნდა დაეკავებინათ.

კომენტარები