ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაიყო, შეიქმნება ახალი პოლიტიკური ძალა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად გაიყო. ენმ-ის უკვე ყოფილმა წევრებმა ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გამართეს და განაცხადეს, რომ ისინი ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნიან. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კამათმა "სრულიად არასწორი და მახინჯი ფორმა" მიიღო.

"განსაკუთრებით გამწვავდა საკითხები, სადაც პარტიის შიგნით შეიმჩნეოდა ფუნდამენტური შეუთავსებლობა. უთანხმოება იყო საკითხებზე, რომელიც ეხებოდა პარტიის სტრატეგიას და ტაქტიკას, პარტიის წარსულის შეფასებას, პარტიის აწმყოს და რაც მთავარია, ეხებოდა პარტიის მომავალს - რა უნდა იყოს ჩვენი ბრძოლის მეთოდები და რა უნდა შევთავაზოთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას" - განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ 20 იანვარს, ენმ-ში დაგეგმილი ყრილობა ემსახურება მხოლოდ პარტიის გახლეჩვას და განსხვავებული აზრის მქონე წევრების პარტიიდან მოკვეთას.

"დავდექით რეალობის წინაშე, როდესაც ხდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაყოფა, თქვენ დღეს ხედავთ გუნდს, თქვენ დღეს ხედავთ ადამიანებს და სახეებს, რომლებიც წლების მანძილზე წარმოადგენდა ნაციონალურ მოძრაობას, ვინც წლების მანძილზე, ამ პარტიის სახელით ამ პარტიის იდეალებისთვის იბრძოდა და უკან არ დაუხევია. არც მაშინ, როცა ამ გუნდის წევრების და ლიდერების მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა და ივანიშვილის ბრძოლის და ჩვენი იდეალების გამო, წლები გაატარეს პატიმრობაში, არ დაუხევია უკან აქციებზე, ქუჩაში, პარლამენტში, დებატებზე, თქვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებმაც ღირსეულად ატარეს ქართული პოლიტიკური მებრძოლების სახელი. რომელთა უდიდესი დამსახურებაა იმაში, რომ დღეს, ნაციონალური მოძრაობა არსებობს, როგორც პოლიტიკური პარტია. ეს გუნდი იყო სახე, ხერხემალი და საყრდენი ნაციონალური მოძრაობის. ამიტომ, რა თქმა უნდა, არასწორია ნებისმიერი შეფასება, რომ დღეს ხდება გუნდის გასვლა, სინამდვილეში, დღეს ხდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაყოფა" - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და თქვა, რომ მისთვის ეს ემოციურად უმძიმესი განცხადებაა.

"მაგრამ ნებისმიერი რთული ემოცია და ტკივილი ყოველთვის არის მომავლის შობის თანმდევი პროცესი, ამიტომ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ჩვენ შორის უთანხმოებები, ეს უთანხმოებები დღეიდან არის წარსული, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვიხედებით წინ და ვიწყებთ მომავლის შენებას, იმ მომავლის შენებას, რომელიც სჭირდება ქართველ ხალხს და სახელმწიფოს. მინდა, წარმატება ვუსურვო იმ ადამიანებს, ვინც არიან ენმ-ის წევრები, რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები. მინდა, მათ წარმატება ვუსურვო და ვუთხრა - ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში" - განაცხადა დავით ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ახალი პოლიტიკური ძალა ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს.

"მისი ამოცანა იქნება, საქართველოში ვითარების შეცვლა უკეთესობისკენ, ქართული ოცნების და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი გზით დასრულება, ქვეყანაში განვითარების და პროგრესის დაბრუნება. ამ გუნდს ამის ამბიცია გააჩნია, რადგან თქვენ ხედავთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ცოდნა და კომპეტენტურობა, რომელიც მოიტანს იმ უკეთესი მომავლის რწმენას, რომელიც ხალხს წაართვა ქართულმა ოცნებამ, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული წარსული, ამიტომ არავის არ შეეშინდება ამ ძალის ხელისუფლებაში დაბრუნების. ამ პოლიტიკურ ძალას კარგად აქვს გააზრებული, რომ ერთიანი საქართველოს ერთადერთი მომავალია ევროკავშირი და ნატო. მისი ერთერთი მთავარი ამოცანა იქნება, წერტილი დაუსვას ქვეყანაში დაპირისპირებას, ზიზღს, შურისძიებას, ანგარიშსწორებას და გაერთიანებული, გამთლიანებული საქართველო წაიყვანოს წინ. ასეთი პოლიტიკური ძალის შექმნა ხდება დღეს, თქვენ თვალწინ და მე დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური ძალა იქნება წარმატებული ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, ეს იქნება ცოდნაზე, გამოცდილებასა და მომავალზე დაფუძნებულ პოლიტიკური ძალად, რომელიც იბრძოლებს არჩევნების გზით და იქნება სტაბილურობის, შერიგების და სიმშვიდის მიმტანი ქვეყანაში" - განაცხადა ბაქრაძემ.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს პარლამენტის 21 დეპუტატი. პარტიაში რჩება 5 დეპუტატი. პარლამენტის ერთ წევრს, აზერ სულეიმანოვს, ჯერჯერობით, არ გადაუწყვეტია, დარჩება ენმ-ში თუ გადავა ახალ პარტიაში, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წასული დეპუტატები დააფუძნებენ.


ფოტო: ტაბულა

ასევე, ამ დროისთვის ცნობილია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ტოვებს 27 წევრი. 


ფოტო: ტაბულა

ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე დაპირისპირება საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარტიას მოუწოდა, არ მიეღოთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და უარი ეთქვათ პარლამენტის მანდატებზე, რასაც ენმ-ის დეპუტატები არ დაემორჩილნენ.

კომენტარები