გიორგი მამალაძის საქმე

ბოტკოველი: დაბრუნების მერე პატრიარქი სერიოზულად ჩაუღრმავდება მამალაძის საკითხს

ტელეკომპანია პირველი,

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს ილია მეორე გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ „ალბათ ძალიან სერიოზულად ჩაუღრმავდება“.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა ბოტკოველს ჰკითხა ენდობა თუ პატრიარქი გიორგი მამალაძის საქმეში პროკურატურის ვერსიას.

„მის უწმინდესობასთან კომუნიკაცია არ მქონია. რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს მისი უწმინდესობა, მეც მოვისმინე მღვდელმთავრების შეფასებებიდან. მე მაინც ვფიქრობ, რომ მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდების შემდეგ ძალიან სერიოზულად ჩაუღრმავდება ალბათ ამ საკითხს, თუ რა თქმა უნდა პროკურატურაც კიდევ უფრო მეტად მოგვცემს ამის საშუალებას. შემდეგ გაკეთდება ალბათ დასკვნები. ძალიან ძნელია, როდესაც ეკლესიის მეთაური არ იმყოფება საქართველოში, მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენ აქედან ვიმსჯელოთ. ძალიან მალე, როგორც ექიმები გვპირდებიან, დაახლოებით ერთ კვირაში, უწმინდესი თბილისში იქნება და ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო მეტი თვალსაჩინოება იქნება საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ჟურნალისტის კითხვას, ჰქონდათ თუ არა საპატრიარქოში ინფორმაცია დეკანოზ მამალაძის ბრალთან დაკავშირებით, მიქაელ ბოტკოველი პასუხობს, რომ მხოლოდ ის ინფორმაცია აქვთ,რაც პროკურატურის ბრიფინგზე მოისმინეს.

„სხვა ინფორმაცია ჩვენ არ მიგვიღია. საპატრიარქოს სხვა მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებიან ბერლინში, სავარაუდოდ, მალე დაბრუნდებიან. ადგილზე მე ვარ დარჩენილი საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი და ჩემთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ საგამოძიებო სტრუქტურებს“, - ამბობს ბოტკოველი.

პატრიარქის მდივანი საგამოძიებო სტრუქტურებს სთხოვს ცოტა უფრო მეტად დააკონკრეტონ რამდნეიმე საკითხი, რადგან საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

„ცოტა უფრო ნათელი გახდეს ბრალდების შინაარსი, რადგან არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი“, - ამბობს ბოტკოველი.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამასთან, მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

დღეს დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახალხო დამცველი შეხვდა. ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძე ბრალს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მას ციანიდი არ ჰქონია. გარდა ამისა, დეკანოზი სახალხო დამცველთან საუბარში ამბობს, რომ ბრალში, რომელიც მას ოფიციალურად წარედგინა, მაღალ სასულიერო იერარქზე საუბარი საერთოდ არ არის. უჩა ნანუაშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გახდეს საჯარო. ამასთან, ომბუდსმენის თქმით, მამა გიორგის დაკავება, სავარაუდოდ, პროცედურული დარღვევებით მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გუშინ, 13 თებერვალს გაავრცელა წერილი, რომელიც, კონფიდენციალური წყაროს მტკიცებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წმიდა სინოდის ბოლო სხდომამდე გაუგზავნა და რომელიც საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ დარღვევებს ეხება.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს, რომ მან რამდენჯერმე მიმართა წერილით წმიდა სინოდს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ მამა გიორგი კონკრეტულად გუშინ გავრცელებული წერილის ავთენტურობას ვერ ადასტურებს, რადგან მის შინაარსს არ გასცნობია.

საქმესთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადებები ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა. პრემიერმინისტრის თქმით, "აღკვეთილია ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა". ვიცეპრემიერი კახა კალაძე კი ამბობს, რომ თავიდან იქნა აცილებული "უმძიმესი დანაშაული სრულიად სახელმწიფო წინაშე". 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მთავრობისა და პარლამენტის მაღალჩინოსნები დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმციას უხეშად არღვევენ. HRIDC შეშფოთებულია ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებებით. ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეახსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის თანახმადაც, უდანაშაულობის პრეზუმფცია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლების შემადგენელ უმნიშვნელოვანეს პრინციპს.

კომენტარები