რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის ადვოკატები სტრასბურგში დამატებით დოკუმენტაციას გაგზავნიან

ტელეკომპანია რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ადვოკატები რამდენიმე საათში სტრასბურგში აღსრულების შეჩერების მექანიზმის გასახანგრძლივებლად საჭირო დამატებით დოკუმენტაციას გადაგზავნიან. მათ შორის არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის განცხადებები.

გარდა ამისა, ტელეკომპანიის იურისტები ევროპულ სასამართლოს მიაწვდიან დამატებით არგუმენტებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

"აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიშთან, პოლიტიკოსების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებთან ერთად, ვგზავნით დამატებით ინფორმაციას, თუ რატომ ვთვლით, რომ უნდა გახანგრძლივდეს დროებითი ღონისძიება და არ აღსრულდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სანამ სტრასბურგი არ განიხილავს არსებითად და არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია ეს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი სიტყვა არსებობდეს და მთლიანად არ იქნეს პარალიზებული ეს უფლება ადამიანებისთვის. ვფიქრობთ, საკმარისი საფუძველი ექნება სტრასბურგის სასამართლოს, რომ დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და გაგვიხანგრძლივოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეკავება", - ამბობს რუსთავი ორის იურისტი თამთა მურადაშვილი.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ დროებით შეჩერებით მექანიზმს ვადა 8 მარტს ეწურება.

2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

კომენტარები