ბიზნეს სექტორი

საქსტატი: ბიზნეს სექტორის ბრუნვა 2016 წლის მეოთხე კვარტალში 15,3%-ით გაიზარდა

APMA.GE

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3%-ით გაიზარდა და 17.4 მილიარდი ლარი შეადგინა.

უწყების მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, ზრდის ტენდენციაა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელშიც - 2016 წლის მეოთხე კვარტალში მისი მოცულობა 8.8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 20.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.


ფოტო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2016 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი ბრუნვის 81% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 9.4% - საშუალო, ხოლო 9.6% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

რაც შეეხება პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელს, მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 79%, საშუალოზე - 11.3%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 9.7%.

საქსტატის ინფორმაციით, საწარმოებმა 2016 წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში 13 მილიარდი ლარის საქონელი და მომსახურება შეისყიდეს, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4%-ით მეტია. გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 8.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.7 %-ით მეტია.

უწყების მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, ამ პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 620.8 ათასი პირია, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6.2%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.7% ქალია, ხოლო 59.3% - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 61.3% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 16.6% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 22.1% - მცირე ბიზნესზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 584.9 ათასი პირი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7%-ით მეტია. ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 1997.6 მილონი ლარი იყო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.2 %-ით მეტია.

უწყება საუბრობს ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასის ოდენობაზეც. დოკუმენტის მიხედვით, 2016 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 1130.4 ლარს გაუტოლდა, ანუ, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 85.8 ლარით გაიზარდა. საქსტატმა დაითვალა ქალების ანაზღაურების საშუალო მაჩენებელიც და ამ რიცხვმა 819 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით 66.1 ლარით ზრდას ნიშნავს.

საქსტატის ინფორმაციით, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 1268.5 ლარი;
  • საშუალო ბიზნესი – 1110 ლარი;
  • მცირე ბიზნესი – 646,6 ლარი.

2016 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 47.5% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა - 11%-იანი წილით. შემდეგ მოდის მშენებლობა - 9.8%-იანი წილით და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 8.7%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 23% სხვა დარგებზე ნაწილდება:


ფოტო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქ 2016 წლის მეოთხე კვარტალში უდიდესი წილი (21.3%) დამამუშავებელი მრეწველობის დარგს ეკავა. მეორე და მესამე ადგილებს იკავებდა მშენებლობა (19.8%) და ვაჭრობა (17.1%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 12.6%-იანი წილით, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 9.5%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 19.7%-იანი წილი უჭირავს:


ფოტო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2016 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით), დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის დარგები ლიდერობენ (25.5%, 13.8% და 10.4%-იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების (10.3%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (9.9%), აგრეთვე უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის დარგის საწარმოებზეც (9.8%):

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში თბილისი ლიდერობს:

  • თბილისი - 73.9%;
  • აჭარის ა.რ. - 6.7%;
  • ქვემო ქართლი - 5.7%;
  • იმერეთი - 4.1%;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3.0%.

თბილისი ლიდერობს რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაშიც:

  • თბილისი - 67.3%;
  • აჭარის ა.რ. - 8.0%;
  • ქვემო ქართლი - 7.7%;
  • იმერეთი - 4.8%;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3.9%.

 

დიაგრამა ასახავს რეგიონების (თბილისის გარდა) მიხედვით ბრუნვასა და პროდუქციის გამოშვებას:


ფოტო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, საქსტატის ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი - 65.8%;
  • აჭარის ა.რ. - 9.0%;
  • იმერეთი - 6.9%;
  • ქვემო ქართლი - 5.5%;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3.6%.

დიაგრამა ასახავს ცალკეულ რეგიონში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილებას სქესის მიხედვით:


ფოტო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

კომენტარები