რუსთავი 2-ის საქმე

ყარამანიშვილები: შპს არ განიხილება, ხვალიდან გადავალთ პირდაპირ კონსულტაციებზე

ტელეკომპანია რუსთავი 2

რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი "TV საქართველოს" 51%-იანი წილის მესაკუთრეები, ძმები ყარამანიშვილები აცხადებენ, რომ არანაირი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება და ხვალიდან რუსთავი 2-ის კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმზე გადადიან.

გარდა ამისა, ყარამანიშვილები ამბობენ, რომ მათი გუშინდელი განცხადება არხს პრაქტიკულად არ გაუშუქებია, მაშინ, როცა გენერალური დირექტორის თათბირს დაეთმო დრო.

"სამწუხაროა, რომ ჩვენი გუშინდელი განცხადება, რომელიც 15:25-ზე გავრცელდა, პრაქტიკულად არ გაშუქებულა (მშრალად გავიდა 6 საათიანი კურიერის შუაში, თემის გაუშლელად, და საერთოდ არ გაშუქებულა 9 საათიან კურიერში). ეს იმ ფონზე, როცა გენერალური დირექტორის მიერ მოწვეულ თათბირს ამხელა დრო დაეთმო ეთერში. ჩვენი განცხადება რომ გაშუქებულიყო, საზოგადოება და ჩვენი კოლექტივი ბევრ უხერხულობას აცდებოდა (პირველ რიგში, ზემოხსენებული თათბირის კონტექსტში). ამიტომ, ხელახლა, უცვლელად ვავრცელებთ ჩვენს გუშინდელ განცხადებას (სადაც ხაზს ვუსვამთ, რომ არანარი შუამავალი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება) და ხვალიდან გადავდივართ კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმში", - აღნიშნულია ყარამანიშვილების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს ძმებმა ყარამანიშვილებმა გამოთქვეს მზადყოფნა რუსთავი 2-ის თანამშრომლებს შპს "TV საქართველოს" საკონტროლო პაკეტი გადასცენ, რომელიც, თავის მხრივ, რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის, 51%-ის მფლობელია. ეს გადაწყვეტილება მათ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეთავაზების შემდეგ მიიღეს, რომელიც სწორედ ამას გულისმხობდა. ამ შეთავაზებით კოლექტივმა ყარამანიშვილების მხრიდან კუთვნილი 40%-იანი წილის გადაცემაზე უარი თქვა.

გუშინ, 25 მარტს, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ რუსთავი 2 ძმებ ყარამანიშვილების შეთავაზებას "ტელეკომპანია საქართველოს" საკონტროლო პაკეტის გადაცემის თაობაზე იღებს. მისი თქმით, ორშაბათს, 27 მარტს დაფუძნდება შპს, რომლიც იქნება აღნიშნული წილის მფლობელი. მოგვიანებით, გვარამიას განცხადებას უპასუხეს ყარამანიშვილებმა. ისინი მიიჩნევენ, რომ შპს-ის შექმნა ეწინააღმდეგება ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების უმრავლესობის ნაწილს. ასევე, ეს არის "უმოკლესი გზა იმისკენ, რომ რუსთავი 2-ის აწმყოსა და მომავლის შესახებ გადაწვეტილება მიიღოს არა სრულმა კოლექტივმა, არამედ პირთა მცირე ჯგუფმა".

მიუხედავად ამ განცხადებისა, რუსთავი 2-ში გაიმართა თანამშრომელთა შეხვედრა, სადაც გადაწყდა, რომ დაფუძნდება შპს სახელწოდებით "რუსთავი 2 ჩემია", რომელიც "TV საქართველოში" ძმებ ყარამანიშვილების 51%-იანი წილის მმართველი იქნება. ახალ შპს-ში რუსთავი 2-ის 40 წარმომადგენელი იქნება, თითოეული მათგანი 2.5%-იანი წილით. ტელეკომპანიის ცნობით, თანამშრომლების აზრით, წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და ამიტომ, უნდა შეიქმნას შპს. თანამშრომლებმა ტელეკომპანიის ყველა დეპარტამენტიდან კენჭისყრით აირჩიეს წარმომადგენლები შპს-ში. რუსთავი 2-ში გამართული შეხვედრის ჩანაწერი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა. 

კომენტარები