საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

ტაბულა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017-2018 წლის საეთერო სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. მაუწყებლის ცნობით, გადაცემებს შეარჩევენ შემდეგ მიმართულებებისთვის: 

  • სოციალური
  • კულტურა
  • შემეცნებით-საგანმანათლებლო
  • შემეცნებით-გასართობი
  • საბავშვო-ახალგაზრდული

გადაცემებს შეაფასებს სპეციალურად შექმნილი 12-კაციანი კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების ბლოკის დირექტორი პაატა ქურდაძე.

კომისიის შემადგენლობაში შედიან მოწვეული ექსპერტები: დრამატურგი - თამარ ბართაია, სოციოლოგი - იაგო კაჭკაჭიშვილი, მედიაკრიტიკოსი - დავით ბუხრიკიძე; სცენარისტი, რეჟისორი - სოფო ბაბლუანი. აგრეთვე, თეო მაზმიშვილი - წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორი. რუსუდან მანჯგალაძე - სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი; კოტე ჯანდიერი - დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი; თემურ გოგოლაძე- წარმოების დეპარტამენტის უფროსი; კახაბერ ბუხრაშვილი - ვიზუალური გაფორმების სამსახურის უფროსი; რუსუდან ახვლედიანი - კვლევისა და ანალიტიკის სამსახურის სოციოლოგი; თამარ კაციტაძე - ონლაინ მედია ხელმძღვანელი;

განაცხადები მიიღება ელექტრონული სახით, მსურველებს აპლიკაციის შევსება შეუძლიათ 3 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე.

პროექტებს სამ ეტაპად შეაფასებენ. პირველ ეტაპზე, პროექტებს კომისიის წევრები შეაფასებენ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს მიიწვევენ წარმოდგენილი პროექტის საპრეზენტაციოდ. მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს კი, მოეთხოვებათ წარმოდგენილი პროექტების პილოტის მომზადება, რომელსაც შეაფასებს კომისია და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლენს საუკეთესო პროექტებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამოქმედო გეგმა 7 მარტს, სამეურვეო საბჭომ ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. გეგმის მიხედვით, 17 ივლისამდე შენარჩუნდება არსებული საეთერო ბადე. განახლებული საეთერო ბადისთვის კი, კონკურსი ჩატარდება. კონკურსი არ შეეხება საინფორმაციო გამოშვებებს. 

„პირველ არხზე 30 გადაცემა გვაქვს და აპრიორი ვიცით, რომ 30 გადაცემა ვერ გვექნება. გარკვეული დანაზოგი უნდა გვქონდეს. შეიძლება, ეს იყოს 15 ან 20 გადაცემა“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელმა თიკო ბერძენიშვილმა.

კომენტარები