თურქეთი

პრეზიდენტის უფლებამოსილების ზრდაზე თურქეთში ისტორიული რეფერენდუმი მიმდინარეობს

AFP

თურქეთში ისტორიული რეფერენდუმი მიმდინარეობს. მოსახლეობამ საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი უნდა გადაწყვიტოს. საკონსტიტუციო ცვლილებები მოიცავს ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერმინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის (HSYK) რეფორმირებას. რეფერენდუმში გამარჯვება რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელოსუფლების სათავეში 2029 წლამდე დარჩენის საშუალებას აძლევს.

რეფენდუმში მონაწილეობას დაახლოებით 55 მილიონი ამომრჩეველი იღებს. გახსნილია 167 000 საარჩევნო უბანი. წინასწარი შედეგები სავარაუდოდ, დღესვე, გვიან საღამოს გამოქვეყნდება.

დაგეგმილი ცვლილებები გააკრიტიკეს ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სადაც განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა ძალაუფლების განაწილების და საპარლამენტო ანგარიშვალდებულების გაუქმებამ. საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ცვლილებები გამოიწვევს პარლამენტის დაუძლურებას, ხოლო პრეზიდენტს ექნება კონტროლი აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო სისტემაზე.

რეფერენდუმის საარჩევნო კამპანიის უკანასკნელ მიმართვაში ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროპა მწვავედ გააკრიტიკა და ის "ავადმყოფ კაცად" მოიხსენია. ერდოღანმა ევროკავშირის ლიდერები ნაცისტებს შეადარა, და განაცხადა, რომ ევროპაში ფაშიზმის აჩრდილი დაძრწის. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მიერ თავსაბურავის სამსახურში ტარების აკრძალვა კი თურქეთის პრეზიდენტმა ისლამის მიმდევართა წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობად მოიხსენია. 

კომენტარები