პრემიერი: ღამე უკეთესი მდგომარეობა გვექნება, მგონია, რომ გავუმკლავდებით

Giorgi Kvirikashvili/fb.com

საქართველოს პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბორჯომის ტყეში ამ დროისთვის "უკეთესი მდგომარეობაა". მან აღნიშნა, რომ ცეცხლის გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს, რადგან ქედის გადაღმა ძლიერი ხანძრის კერაა, თუმცა, პრემიერის თქმით, "მე მგონია, რომ გავუმკლავდებით". გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ, რაც საჭიროა.

"ამ წუთას უკეთესი მდგომარეობაა. ზუსტად აქვთ მონიშნული ის ზონები, რა ზონებიც აქვთ ჩასაქრობი. სამი ვერტმფრენი მუშაობს ამ წუთას, ერთი დაემატა, თურქეთიდან გზაშია კიდევ ორი ვერტმფრენი, ქარის გამო დილით ვერ ჩამოფრინდნენ, ახლა არიან გზაში და სულ რაღაც საათნახევარ-ორ სააათში ისინიც ჩაერთვებიან. ღამისთვის გვექნება გაცილებით უკეთესი მდგომარეობა.

ადგილზე ცოცხალი ძალაც მუშაობს, არიან მეხანძრე-მაშველები, ადგილობრივი მაშველები არიან მთის კურორტების კომპანიიდან. პრინციპში, ამ ეტაპზე რაც საჭიროა, ყველაფერს აკეთებენ.

ერთი კერა არის ყველაზე მძიმე, ქედის გადაღმა კერა, რომელზეც ახლა მთელი ძალა იქნება მიმართული. ქვემოდან აგვყავს ტუმბოებით წყალი, ასევე, რამდენიმე ეკიპაჟი დადგება იქ, დაღმართზე ჩააქრობენ და მე მგონი, რომ ვუშველით.

ხანძრის გავრცელების საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, თუ ქედზე არ ჩავაქრეთ ცეცხლი. ეს ქედი თუ ჩაქრა, მწვავე ფაზას გადავივლით, მე მგონია, რომ გავუმკლავდებით" - ამბობს პრემიერი.

ბორჯომის რაიონის სოფელ დაბაში მთის ქედზე, ტყის მასივზე მოდებულ ხანძარს სახანძრო და სამაშველო სამსახურები 40 საათზე მეტია, ებრძვიან. 

კომენტარები