Credit Suisse

ივანიშვილმა Credit Suisse-ის წინააღმდეგ სარჩელი ზელანდიასა და სინგაპურშიც შეიტანა

ტაბულა

"Credit Suisse-ს შემიძლია სერიოზული ზიანი მივაყენო, ფული დამიბრუნონ", - ივანიშვილი.

საქართველოს ექსპრემიერმა და უმდიდრესმა მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილმა ფულის გათეთრებისა და თაღლითობის ბრალდებით Credit Suisse-ის წინააღმდეგ სარჩელი 7 აგვისტოს ახალ ზელანდიაში შეიტანა. მსგავსი სარჩელით 17 აგვისტოს ივანიშვილის იურისტმა ბერმუდის სასამართლოს მიაკითხა, 25 აგვისტოს კი ექსპრემიერის სარჩელი სინგაპურში დარეგისტრირდა.

ივანიშვილის შეფასებით, Credit Suisse-ის აღნიშნული ფილიალები ჩართული იყვნენ საქმეში, რომელმაც მას $100 მილიონზე მეტი დააკარგინა. შვეიცარიის სასამართლო ივანიშვილის სარჩელს ერთ წელზე მეტია სწავლობს. დაკავებულია ექსპრემიერის ყოფილი პირადი ბანკირი პატრიკ ლესკაუდრონი.

საქმე ეხება დაახლოებით $100 მილიონს, რომელიც ივანიშვილმა 2012 წელს პირადი ბანკირის რეკომენდაციით, კომპანია RAPTOR-ში ჩადო. RAPTOR-ი ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანიაა და ის ღვიძლის მძიმე ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნაზე მუშაობდა. კომპანიის აქციების ღირებულება 2013 წელს გაორმაგდა და ის ივანიშვილისთვის მომგებიანი ინვესტიცია იყო. 2015 წლის სექტემბერში RAPTOR-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ კომპანიამ ახალი მედიკამენტების ტესტირება წარუმატებლობით დაასრულა, შედეგად კი ერთ დღეში მისმა წაგებამ 37% შეადგინა. ივანიშვილმა ამის შედეგად დაახლოებით $100 მილიონი დაკარგა.

ივანიშვილმა მომხდარიდან მალევე დანაკარგში პირადი ბანკირი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ინვესტიცია მისი ნებართვის გარეშე განხორციელდა და ბანკირმა მას ფული მოპარა. დაკავებული ბანკირი კი იხსენებს, რომ შედარებით სარისკო ინვესტიციების კეთებას მას ივანიშვილი ავალდებულებდა.

ბიძინა ივანიშვილმა საქმეზე ერთადერთი კომენტარი 2016 წლის 14 ივნისს გააკეთა, მაშინ ივანიშვილი ამბობდა, რომ "თუ ყველაფერზე ისაუბრებდა" მას Credit Suisse-ისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეეძლო.

"ეს $100 მილიონი ჯერ ზუსტდება, ოღონდ მე არ ვთვლი, რომ ის ფული მე დავკარგე, ის დაკარგა Credit Suisse-მა, რამეთუ კითხვები იქ ჩემს მიმართ არ არსებობს. აქ ყველაფერი გამჭვირვალეა, რომ ანგარიშიდან ფულია მოპარული ეს ელემენტარულად ბანკმა უნდა გადაფაროს და ბანკმა უნდა გადაიხადოს", - ამბობს ივანიშვილი.

დაკავებული ბანკირი იხსენებს, რომ შედარებით სარისკო ინვესტიციების კეთებას მას ივანიშვილი ავალდებულებდა. ბანკირი იხსენებს, რომ ივანიშვილმა 2009 წელს Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალში არასარისკო ანგარიშებზე განთავსებული $600 მილიონის შედარებით უფრო რისკიან, აქციებში გადატანა მოითხოვა. სინგაპურის ფილიალმა ივანიშვილის თხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა იმ კომპანიის აქციები, რომელშიც ივანიშვილს სურდა ინვესტირება მნიშვნელოვნად გაიზარდა, შედეგად კი ივანიშვილმა წარმატებული ინვესტიცია ხელიდან გაუშვა. ბანკრი ყვება, რომ ამ ამბის გაგების შემდეგ ივანიშვილი შოკირებული იყო, რის გამოც მან უფრო სარისკო ინვესტიციების კეთება დაიწყო. ბანკირის თქმით, მან ივანიშვილის საკრედიტო ხაზის გამოყენებით კლიენტთან შეუთანხმებელი რამდენიმე ინვესტიცია მართლაც განახორციელა, თუმცა ამით კლიენტისტვის ზოგიერთ ივნესტიციაზე წელიწადში 180%-იანი ამონაგებიც მიჰქონდა.

კომენტარები