ე.წ კორტების სპეცოპერაცია

პროკურატურა: მოწმის განცხადებით, ირაკლი ფირცხალავას ცოლ-შვილი მასზე ზეწოლას ახდენდა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

პროკურატურამ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მსჯავრდებულის, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას ოჯახის წევრები და ადვოკატები გამოკითხვის მიზნით დაიბარა. უწყების მტკიცებით, ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმის მოწმე აცხადებს, რომ ფირცხალავას ცოლი და შვილი მისგან ჩვენების შეცვლას მოითხოვდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

"პროკურატურა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის ერთ - ერთი მოწმის წერილობითი განცხადების საფუძველზე, გამოძიებას აწარმოებს ჯერ კიდევ 2017 წლის 8 თებერვლიდან. მოწმე განცხადებაში მიუთითებდა, რომ ამავე საქმეზე მსჯავრდებული პირების ახლო ნათესავები, ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ მას ჰპირდებოდნენ დიდი ოდენობით თანხას.

გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, კორტების სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ კვლავ მომართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და განაცხადა, რომ ამავე საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას ახლობლები ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე ახდენდნენ ზეწოლას.

მოწმის სახით გამოკითხვისას, აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ მას შეხვდნენ მსჯავრდებულის მეუღლე და ერთ-ერთი შვილი. მათ უთხრეს, რომ მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა შეეცვალა ჩვენება და ეთქვა, თითქოსდა შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა და არაფერი დაუნახავს, ასევე, თითქოს მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას მამხილებელი ჩვენება პროკურატურის მხრიდან ზეწოლის შედეგად მისცა. სანაცვლოდ მას გადასცემდნენ 30 000 აშშ დოლარს და უზრუნველყოფდნენ მოწმის ქვეყნიდან გაყვანას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით" - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება, მოწმის მიმართ განხორციელებული მოსყიდვისა და მასზე განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას და ყოფილ პოლიციელ გიორგი ცააძეს სასამართლომ 12-12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათ ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად. 

კომენტარები