არჩევნები 2017

PMMG: მარნეულში მომხდარი თავდასხმა გაცილებით დაძაბულს გახდის კენჭისყრის დღეს

მრავალეროვანი საქართველო

"მრავალეროვანი საქართველო“ გმობს სოფელ ყიზილაჯლოში ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წევრებზე მომხდარ თავდასხმას. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ფაქტი, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, გაცილებით დაძაბულს გახდის კენჭისყრის დღის მსვლელობას.

"განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ის, რომ აღნიშნულ სოფელში, 1 წლის ფარგლებში, ორივე საარჩევნო ციკლში, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, აგრეთვე მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების პერიოდში, ადგილი აქვს კრიმინოგენური ვითარების დამძიმებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივი ამომრჩევლების თავისუფალი ნების გამოხატვასა და არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას" - აცხადებს მრავალეროვანი საქართველო.

ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის სტრუქტურებს სწრაფი და ადეკვატური რეაგირებისკენ, როგორც აღნიშნულ ინციდენტში დამნაშავე პირების დასასჯელად, ისე, კენჭისყრის დღეს უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.

ქართული ოცნების მარნეულის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, მოქმედი დეპუტატი და კიდევ ორი პირი გუშინ ღამით, პარტიის საარჩევნო შტაბთან დაჭრეს. დაჭრილები ამ დრომდე საავადმყოფოში არიან. ორს ოპერაცია ჩაუტარდა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რაც შეეხება კიდევ ორი დაშავებულის მდგომარეობას, ექიმის თქმით, მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ.გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. 

კომენტარები