კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

ესპანეთი იანვარში კატალონიის რეგიონული არჩევნების დანიშვნას აპირებს

AFP/Getty Images

ესპანეთის მთავრობამ კატალონიის ავტონომიის შეჩერების და რეგონზე პირდაპირი კონტროლის გავრცელების გადაწყვეტილება რეგიონის პრეზიდენტის, კარლოს პუჩემონტისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადების მუქარის შემცველი წერილის მიღების შემდეგ მიიღო.

ესპანეთის მთავრობამ ოპზიციის მხარდაჭერაც მოიპოვა და კატალონიაში რეგიონული არჩევნების დანიშვნას იანვარში აპირებს.

პირდაპირი კონტროლის გავრცელების პროცესს ოფიციალური მადრიდი შაბათს მინისტრთა კაბინეტის სპეციალურ სხდომაზე დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ პირველი ოქტომბრის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ კატალონიის პრეზიდენტმა, კარლოს პუჩემონტმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი, თუმცა მისი იმპლემენტაცია შეაჩერა და ოფიციალურ მადრიდს დიალოგისაკენ მოუწოდა. პასუხად ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ პუჩემონტს ოფიციალური განცხადებით მიმართა დაეკონკრეტებინა გამოაცხადა დამოუკიდებლობა თუ არა. პუჩემონტისთვის საბოლოო პასუხის გასაცემად მიცემული ვადა ორშაბათს ამოიწურა. მას პრემიერისათვის გაგზავნილ წერილში ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია, რის გამოც საბოლოო ვადა ხუთშაბათამდე გადაუწიეს.

ესპანეთის მთავრობას 1978 წლის კონსტიტუცია აძლევს უფლებას კრიზისის პირობებში ავტონომიურ რეგიონზე პირდაპირი მმართველობა გაავრცელოს, თუმცა ოფიციალურ მადრიდს ეს არასდროს გამოუყენებია.

კომენტარები