კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ კატალონიის 8 ყოფილი ლიდერი დააპატიმრა

Aurore Belot/AFP/Getty Images

ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ კატალონიის 8 ყოფილი ლიდერი, მათ შორის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი გამოძიების მიმდინარეობისას პატიმრობაში დატოვა. 

ესპანეთის გენერალურმა პროკურორმა სასამართლოს კატალონიის ყოფილ პრეზიდენტზე, კარლოს პუჩემონტზე ევროპის მასშტაბით დაკავების ორდერის გაცემა მას შემდეგ სთხოვა, რაც პუჩემონტი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა.

პუჩემონტი და მისი კაბინეტის 4 წევრი ამჟამად ბელგიაში იმყოფებიან. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ესპანეთისგან შორს დარჩება მანამ, სანამ ქვეყანაში ცუდი კლიმატია, თუმცა დაამატა, რომ ის როგორც ესპანურ, ისე ბელგიურ სასამართლოსთან ითანამშრომლებს.

დაკავების ორდერის გაცემის შემთხვევაში პუჩემონტი ესპანეთის მთავრობის მიერ კატალონიაში 21 დეკემბერს დანიშნულ რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

პუჩემონტს და კატალონიის სხვა ყოფილ ლიდერებს ბრალი ამბოხებაში, აჯანყებისაკენ მოწოდებაში და საჯარო ფინანსების არასწორ განკარგვაში ედებათ.

კომენტარები