აზიური ფაროსანა

ბობოხიძე: ვერც მთავრობა და ვერც უმრავლესობა ფაროსანას პრობლემის მასშტაბს ვერ ხვდება

epn.ge

ევროპული საქართველოს დეპუტატმა კაკო ბობოხიძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ფაროსანას პრობლემაზე ისაუბრა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიიჩნევს, რომ ვერც მთავრობა და ვერც უმრავლესობა მწერის პრობლემის მასშტაბებს ვერ აცნობიერებს.

"სამწუხაროდ, ვერც მთავრობა და ვერც საპარლამენტო უმრავლესობა ფაროსანას პრობლემის მასშტაბებს ვერ აცნობიერებს. პრობლემის ზონად მხოლოდ სამეგრელო განისაზღვრა, დაიხარჯა 16 მილიონი ლარი და პრობლემას მაინც ვერ ეშველა. ახლა ეს პრობლემა უკვე მთელ საქართველოს აწუხებს. არათუ ვერ მოვაგვარეთ ეს პრობლემა, მისი ლოკალიზებაც კი ვერ შეძლო მთავრობამ,"- ამბობს ბობოხიძე. 

ბობოხიძის განმარტებით, 14 მილიონი ლარი, რომელიც მთავრობამ მომავალი წლისთვის გამოყო ამ პრობლემის მოგვარებისთვის საკმარისი ვერ იქნება. 

"მომავალი წლისთვის 14 მილიონია გამოყოფილი ამისთვის, რაც საკმარისი ვერ იქნება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც წარმატებულ უწყებად დასახელდა, მხოლოდ პროპაგანდის დონეზე ებრძვის პრობლემას. მე გთხოვთ, გაისიგრძეგანოთ ამ პრობლემის მნიშვნელობა, თორემ მომავალ წელს ჩვენ სერიოზული გამოწვევის წინაშე დავაყენებთ საქართველოს მოსახლეობას. უზარმაზარი ღონისძიებები გაქვთ ჩასატარებელი და ამ ყველაფერს ათეულობით მილიონი ლარი არ ეყოფა. ფაროსანა არ დატოვებს სოფლის მეურნეობისგან არაფერს. სანამ საქართველოს არეალშია ეს პრობლემა, კარგად დავფიქრდეთ,"- განაცხადა კაკო ბობოხიძემ. 

აზიური ფაროსანა მავნებელია, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან გამოჩნდა. მან მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლებს თხილის და სიმინდის მოსავალი სრულად გაუნადგურა. დაზიანებულია ციტრუსიც. 

ფაროსანა ახლა გამოზამთრების ეტაპზე გადადის, ამისთვის თბილ ადგილებს ეძებს და საცხოვრებელ სახლებში, სარდაფებსა და სხვენში შედის. მოსახლეობამ ის კარადაში, ტანსაცმლებსა და თეთრეულში აღმოაჩინა. ფაროსანა უსიამოვნო სუნსაც გამოსცემს.

აზიურ ფაროსანას საქართველოში ბუნებრივი მტერი არ ჰყავს.

კომენტარები