ნაგვის ურნების დაცლა ღამის საათებში

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ნაგვის ურნებს ღამის საათებში დაცლიან

TBILISI.GOV.GE

თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეს მაია ბითაძეს დაავალა, რომ ნაგვის ურნების დაცლა, პირველ ეტაპზე თბილისის რამდენიმე ქუჩაზე, ღამის საათებში მოხდეს. ბითაძის თქმით, რამდენიმე დღეში იმ ქუჩების ჩამონათვალი ექნებათ, სადაც ეს საპილოტე პროექტი განხორციელდება.

"ამ ორი კვირის განმავლობაში, შესაბამისი საქალაქო სამსახური და„თბილსერვის ჯგუფი“ აქტიურად მუშაობდა, რომელმაც გარკვეული უბნები და მარშრუტები დაამუშავა. კვირის ბოლოს გვექნება კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი, სადაც უკვე ძალიან მალე შეგვეძლება, აღნიშნული საპილოტე პროექტი განვახორციელოთ, რაშიც საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან დაგვჭირდება, რადგან ის სქემა, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, დასუფთავების სამსახურის მანქანების ღამის სათებში მოძრაობას ითვალისწინებს, რაც თავისთავად ქალაქში არსებულ საცობებს განტვირთავს", - განაცხადა მაია ბითაძემ.

კალაძის თქმით, თუ საპილოტე პროექტი საზოგადოებისთვის მისაღები იქნება, ახალ მოდელზე გადასვლა შესაძლებელი გახდება.

"მთავარია, პირველ ეტაპზე, რამდენიმე ქუჩა შეირჩეს და თუ მისაღები იქნება საზოგადოებისთვისაც, შეგვიძლია, უკვე ამ ახალ მოდელზე გადავიდეთ", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები