მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე

NGO-ები პრეზიდენტს ჩაბუქისთვის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართავენ

მუსტაფა ემრე ჩაბუქი

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს მიმართავენ თხოვნით, გამონაკლისის წესით მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს, ასევე დემირელის კოლეჯისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის პედაგოგებს.

21 NGO აღნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საქართველოს წინაშე მართლაც აქვთ განსაკუთრებული დამსახურება და სურვილი გახდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები

"ქართული საზოგადოება თითქმის ნახევარი წელია დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის პედაგოგისა და მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ უსამართლობასა და მისი ოჯახის ტრაგედიას ადევნებს თვალს.

ქართველმა სამართალდამცავებმა მ.ე. ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს, თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს და მას წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო ოჯახის წევრები, მათზე განხორციელებული მუქარის გამო, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო. 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ საჩივარი, რაზეც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხიც. ექსტრადაციის შემთხევაში დიდია რისკი იმისა, რომ ჩაბუქი დაექვემდებაროს არაადამიანურ მოპყრობას და შესაძლოა წამების მსხვერპლი გახდეს.

სამწუხაროდ, ჩაბუქის მიმართ განხორციელებული ქმედებები დემირელის სკოლის სხვა მასწავლებლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის არაპირდაპირი გზავნილია და ისინი თავს დაცულად ვერ გრძნობენ საქართველოს ტერიტორიაზე.

დემირელის კოლეჯი და შავი ზღვის უნივერსიტეტი ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის ნაწილია, რომელიც საქართველოში 24 წელია ფუნქციონირებს და ახალგაზრდებს (დღემდე 30 000 მოსწავლემ და სტუდენტმა დაამთავრა ეს სასწავლებლები, ბევრმა მათგანმა არაერთ საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოუტანა საქართველოს წარმატება) მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური პედაგოგების მეშვეობით. მათი ნაწილი საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის უკვე გახდა საქართველოს მოქალაქე.  

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით, გამონაკლისის წესით მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს, ასევე დემირელის კოლეჯისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის პედაგოგებს, რომელთაც საქართველოს წინაშე მართლაც აქვთ განსაკუთრებული დამსახურება და სურვილი გახდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ვფიქრობთ, ამ ნაბიჯით მათი უფლებები უფრო მეტად იქნება გარანტირებული და დაცული საქართველოს ტერიტორიაზე", - აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
  • კავშირი საფარი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  • მედიის განვითარების ფონდი;
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
  • მწვანე ალტერნატივა;
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი;
  • საზოგადოება და ბანკები;
  • კონსტიტუციის 42- ე მუხლი;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
  • სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი;
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი;
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია

დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დემირელის კოლეჯის ყოფილ მენჯერსა და მის ოჯახს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. თურქეთი მის ექსტრადირებას ითხოვს, ბრალდებული კი - საქართველოსგან ლტოლვილის სტატუსს.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ თურქეთის ციხეებში ვითარება გაუმჯობესებულია. მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, ჩაბუქი თურქეთის საპყრობილეში წამებას არ დაექვემდებარება. მისივე განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები, რომ ჩაბუქს ევროპული სტანდარტების მქონე საპყრობილეში მოათავსებენ.

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სამინისტროს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. უარის მიღების შემდეგ კი, სააპელაციო სასამართლოში. მისი ადვოკატი ვახტან კვიჟინაძე ამბობდა, რომ ქართული სასამართლოებისგან უარის მიღების შემთხვევაში, დავას ევროსასამართლოში გააგრძელებდა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ თურქეთის ე.წ სამხედრო გადატრიალების მცდელობის და საგანგებოო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ციხეებში პატიმრების უფლებები მასობრივად ირღვევა. Human Rights Watch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის პოლიცია ხშირად მიმართავს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფას, ემუქრება პატიმრებს გაუპატიურებით, საათების განმავლობაში აიძულებს მუხლებზე დაჩოქილი ყოფნას, ამყოფებს წყლის, საკვებისა და ძილის გარეშე. თურქეთის ციხეებში მძიმე ვითარებაზე საუბრობს Amnesty International-იც 2016-2017 წლის ანგარიშში. 

ემრე ჩაბუქის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარ​აუდო კავშირის გამო მოითხოვა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მოწყობაში სწორედ ფეტოს და მის ლიდერს, ფეტულა გიულენს ადანაშაულებს. 

თუმცა, ჩაბუქის ადვოკატების მტკიცებით, საქმის მასალებში, რომელიც თურქული მხარისგან მიიღეს, არ დასტურდება ჩაბუქის რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

მუსტაფა ჩაბუქი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ის 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.

კომენტარები