დონალდ ტრამპი

ტრამპი: შეიარაღებული მასწავლებელი თავდასხმის აღკვეთას ძალიან სწრაფად მოახერხებდა

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მასწავლებლებისათვის იარაღის მიცემა სკოლაში სროლის საშიშროებას შეამცირებს. მისი თქმით მსგავს შემთხვევაში შეიარაღებული თანამშრომელი სწრაფ რეაგირებას მოახერხებს.

"რომ გყოლოდათ მასწავლებელი, რომელიც გაწაფულია ცეცხლსასროლ იარაღში, ის ძალიან სწრაფად დაასრულებდა თავდასხმას."

ტრამპის თქმით მასწავლებლებმა იარაღი დაფარულად უნდა ატარონ და სპეციალური მომზადება გაიარონ, რადგან იარაღისგან თავისუფალი ზონა "მანიაკებისათვის" თავდასხმის საშუალებას ნიშნავს.

პრეზიდენტის კომენტარი ფლორიდის სკოლაში 19 წლის ნიკოლას კრუზის მიერ 17 ადამიანის მოკვლას მოჰყვა. ის გადარჩენილ მოსწავლეებს შეხვდა და ამ საკითხზე მათთან ისაუბრა მას შემდეგ, რაც მათ პრეზიდენტს სთხოვეს მიეღო ზომები, რათა მსგავი რამ აღარ განმეორებულიყო.

ტრამპმა იარაღის მყიდველთა მონაცემების გადამოწმების გაუმჯობესებაზეც ისაუბრა.

"ჩვენ ძალიან მკაცრები ვიქნებით მონაცემების შემოწმებისას, ძალიან ძლიერი აქცენტით ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.""ეს არ იქნება მხოლოდ ცარიელი სიტყვები, როგორც წარსულში." თქვა მან.

ჟურნალისტებმა ტრამპის ხელში ჩანაწერებიც შენიშნეს რომელზეც შემდეგი პუნქტები იკითხება:

"რა გინდა რომ გამიზიარო ყველაზე მეტად შენი გამოცდილებიდან?"

"რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო?"

"მე მესმის შენი."

შეგახსენებთ, რომ გუშინ თეთრ სახლში საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ იმ მოწყობილობის აკრძალვის ბრძანება გასცა, რომელიც გასულ წელს სტივენ პედოკმა ლას ვეგასში მუსიკალურ ფესტივალზე მოწყობილი თავდასხმისას გამოიყენა. თავდასხმას 58 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პედოკმა ნახევრად ავტომატური იარაღის ავტომატურად მოდიფიკაცია თავად განახორციელა, რამაც წუთში რამდენიმე ასეული გასროლის საშუალება მისცა.

კომენტარები