ევროპული საქართველო

თარგამაძე ხაბეიშვილზე: მაშინდელი მოღალატე დღეს სააკაშვილის ფავორიტია

fb.com

გივი თარგამაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს ეხმაურება, რომელმაც დღეს ევროპული საქართველოს სხვა წევრებთან ერთად, თარგამაძის გვარიც ახსენა იმ სიაში, რომელიც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან "შეკრულები არიან". 

თარგამაძე ამბობს, რომ როდესაც ხაბეიშვილმა თანაგუნდელ გიორგი ვაშაძესთან ერთად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა, მასაც ივანიშვილის ფულზე გაყიდულად მოიხსენიებდნენ, ახლა კი ენმ-ის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ფავორიტია. 

"საოცარია მსგავსი უაპელაციო ბრალდების მოსმენა სუბიექტისგან, რომელიც 2016 წლის მაისში მეგობარ გიორგი ვაშაძესთან ერთად გაერიდა ბრძოლას, გავიდა ნაციონალური მოძრაობიდან, რითაც მიხეილ სააკავილისგან მოღალატის და ჩხარტიშვილი-ივანიშვილის ფულზე გაყიდულის სახელი დაიმსახურა. შეგახსენებთ, იმ არჩევნებამდე 4 დღით ადრე მე ივანიშვილის რეჟიმმა ამაფეთქა, მათი ხელიდან, მომკლა და ამის მიუხედავად, აქ ჩამოთვლილ და სხვა მეგობრებთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლეთ გამარჯვებისთვის. დღეს, არასრული 2 წლის თავზე, მაშინდელი მოღალატე სააკაშვილის ფავორიტია, ოპოზიციას ლანძღავს და ამით ივანიშვილს აძლიერებს. ალბათ, მალე მის გვერდში მეგობარ გიორგი ვაშაძესაც ვიხილავთ, მერე რა, რომ პოროშენკოს მრჩეველია,"- წერს თარგამაძე.

ლევან ხაბეიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის 5 მაისს თანაგუნდელ გიორგი ვაშაძესთან ერთად დატოვა. იმ პერიოდიდან 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ხაბეიშვილი ვაშაძის მიერ დაარსებული პარტიის "ახალი საქართველოს" წარმომადგენელი იყო, შემდეგ კი კვლავ ნაციონალურ მოძრაობაში დაბრუნდა. 

ხაბეიშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას თქვა, რომ ოპოზიციის კლასიფიცირების შესახებ კახა კალაძის განცხადებამ დაადეკლარირა, რომ "ევროპული საქართველოს წევრები ბოკერია, მაჭავარიანი, ბაქრაძე, თარგამაძე, გოგორიშვილი პირდაპირ შეკრულები არიან ბიძინა ივანიშვილთან". 

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ ოპოზიცია ორ ნაწილად იყოფა ერთიან ნაციონალურ მოძრაობად და ევროპულ საქართველოდ. მისი თქმით, ენმ დესტრუქციული, მარგინალური ძალაა, რომელთან თანამშრომლობასაც ის არ აპირებს, ხოლო "ევროპული საქართველოს წევრები "ძალიან კონსტრუქციულები არიან", ამიტომაც, მათთან უმრავლესობის წარმომადგენლები თანამშრომლობენ.

ევროპული საქართველოს წევრებმა კახა კალაძე ნათქვამის გამო გააკრიტიკეს და თბილისის მერს შეახსენეს, რომ ხელისუფლება ვალდებულია, ითანამშრომლოს იმ ოპოზიციასთანაც, რომელიც არ მოსწონს

"კალაძეს არ ესმის, რომ ხალხი წყვეტს, ვინ არის ოპოზიცია და, შესაბამისად, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, მივიდეს შეხვედრაზე, მიუხედავად საკუთარი სიმპათია-ანტიპათიისა. სხვა მოქმედება ხალხის უპატივცემულობაა,"- წერს გივი თარგამაძე. 

კომენტარები