ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო მთავრობას და პრემიერს: ღიად დაუჭირეთ მხარი დიდ ბრიტანეთს

0 კომენტარი

საპარლამენტო უმცირესობა, ევროპული საქართველო მთავრობასა და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, დიდ ბრიტანეთს ოფიციალურად და ღიად დაუჭიროს მხარი. 

პარტია მიიჩნევს, რომ ბრიტანელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფონზე, საქართველო მოკავშირის გვერდით უნდა დადგეს. 

"საპარლამენტო უმცირესობა, ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის გმობს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობასა და ბრიტანელ ხალხს. ასევე, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ერთობლივ განცხადებას. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულებრივ ქმედებებზე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის, ადამიანების გატაცებებისა და მკვლელობების გამო. 

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დიდი ბრიტანეთის ოფიციალური და ღია მხარდაჭერისკენ. ბრიტანელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფონზე საქართველო საკუთარი მოკავშირის გვერდით უნდა დადგეს,"- წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

4 მარტს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერში ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია რუსეთში დამზადებული სამხედრო-ტიპის საწამლავით "ნერვული აგენტით" მოწამლეს. 

Telegraph-ის ინფორმაციით, მომწამლავი ნივთიერება იულია სკრიპალის ჩემოდანში მანამ ჩადეს, სანამ ის რუსეთს დატოვებდა. 

66 წლის სერგეი და 33 წლის იულია სკრიპალები კვლავ კომაში არიან. მათი მდგომარეობა ისევ მძიმეა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ პარლამენტს განუცხადა, რომ სერგეი სკრიპალის რუსული იარაღით მოწამვლის საპასუხოდ დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს და ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გააუქმებს. ასევე, რუსეთში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან ბრიტანელი მინისტრები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.

საფრანგეთი, გერმანია, აშშ და დიდი ბრიტანეთი რუსეთს მოუწოდებენ, მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოს, თუმცა ოფიციალური მოსკოვი მოწამლვაში მონაწილეობას უარყოფს და დიდი ბრიტანეთის ბრალდებებს "სიგიჟეს" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, თქმით 23 რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ რუსეთი ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები