დონალდ ტრამპი

შესაძლოა, დონალდ ტრამპი იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნას დაესწროს

ანგელა მერკელი და დონალდ ტრამპი
Getty Images

გუშინ გერმანიის კანცლერი, ანგელა ამერკელი ერთდღიანი ვიზიტით აშშ-ს ეწვია და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ირანის ბირთვული შეთანხმების, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების, ბალტიის ზღვაში ახალი რუსული გაზსადენის, გერმანიის სამხედრო ხარჯების გაზრდის და NATO-ს დაფინანსების საკითხები განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანაზე და ირანის ბირთვულ პროგრამაზე.

"საუბარი არ არის იმაზე, გამოვიყენებდი თუ არა სამხედრო ძალას. არ არის შესაფერისი ამაზე საუბარი. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ისინი [ირანი] არ შექმნიან ატომურ იარაღს. ეს შემიძლია გითხრათ." თქვა მან კრიტიკის საპასუხოდ, რომ ბირთვული შეთანხმების მიტოვების შემთხვევაში ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის.

რაც შეეხება ისრაელში აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას, ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა ახალი საელჩოს გახსნას დაესწროს, რაც სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში მოხდება:

"შეიძლება წავიდე. ძალიან ვამაყობ ამით. იერუსალიმი იყო საკითხი, რომლის თაობაზეც წლების მანძილზე ბევრი პრეზიდენტი იძლეოდა დაპირებას. ყველა აკეთებდა დაპირებას წინასაარჩევნო კამპანიისას და არასდროს ყოფნიდათ გამბედაობა შეესრულებინათ ეს დაპირება. მე შევასრულე. ამიტომ, შესაძლოა წავიდე [საელჩოს გახსნაზე]." თქვა მან.

კომენტარები