პაპუნა უგრეხელიძის საქმე

სასამართლომ უგრეხელიძეს ეკა მესხიძის წინააღმდეგ სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ყოფილ უფროსს, პაპუნა უგრეხელიძეს სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა. შესაბამისი დოკუმენტები ტაბულამ მოიპოვა. უგრეხელიძემ, რომელსაც სახალხო დამცველმა თანამშრომლის სექსუალური შევიწროება დაუდგინა, სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის მიმართა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული, რადგან არ შეიცავს მითითებას რომელი ცნობების უარყოფა სურს მოსარჩელეს.

შესაბამისად, პაპუნა უგრეხელიძეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები უკან დაუბრუნდება. მას ასევე განემარტა, რომ შეუძლია განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ დაშვებული დარღვევას გამოასწორებს.

"სასამართლოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გაცნობის შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს მოსარჩელის მოთხოვნა. 2 განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა არ შეიცავს მითითებას, კონკრეტული ცნობების/გამონათქვამების შესახებ, რომლის უარყოფაც სურს მოსარჩელეს მოპასუხისაგან", - აღნიშნულია სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების სამოტივაციო ნაწილში.

სასამართლო ასევე აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიზანი საქმის ხარისხიანი განხილვის უზრუნველყოფაა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს გამოასწოროს მითითებული დარღვევა და წარადგინოს სრულყოფილი სარჩელი.

სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე, პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელს, ეკა მესხიძეს სქესის ნიშნით და სექსუალურად ავიწროებდა. ამავე დოკუმენტში საუბარია მუქარაზე და არის მტკიცებულებები SMS შეტყობინებების სახით, სადაც უგრეხელიძე მესხიძეს ცემით ემუქრება.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის დასკვნა 2017 წლის მაისში მომზადდა, მასზე კომენტარი პაპუნა უგრეხელიძის უშუალო ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც ფაქტი მედიით გახდა საჯარო. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ "როგორც ქალმა მინისტრმა, პაპუნა უგრეხელიძეს უნდა მოუსმინოს" და პოზიციას შემდეგ დააფიქსირებს.

27 მარტს, წულუკიანის განცხადებიდან მეორე დღეს, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ ეკა მესხიძე აშანტაჟებდა და შურისძიების გამო უჩივლა, რადგან მისი ქმარი სამსახურიდან გაათავისუფლა. მესხიძე ამ დრომდე კონფიდენციალური იყო, თუმცა ყოფილმა ხელმძღვანელმა მისი და მისი ქმრის სახელი საჯაროდ, ფეისბუქზე დაწერა. პაპუნა უგრეხელიძემ ასევე დაწერა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო, აპირებს სასამართლოს მიმართოს.

იმის გამო, რომ ყოფილმა ხელმძღვანელმა მისი ვინაობა გაასაჯაროვა, ეკა მესხიძემ გადაწყვიტა ამ საკითხზე არა კონფიდენციალურად, არამედ ღიად ისაუბროს. მისი თქმით, ქმრის გათავისუფლება არაფერ შუაშია და სახალხო დამცველს მიმართა მუქარის გამო. თუმცა, ეს ორი შემთხვევა დროში ერთმანეთს დაემთხვა.

გარდა ამისა, 30 მარტს გამოქვეყნდა კოალიაცია "თანასწორობისთვის" ანგარიში, სადაც საუბარია კიდევ ორ საქმეზე. დოკუმენტის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილ თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლო ორ საქმეს განიხილავს, რომელშიც სექსუალური შევიწროების ნიშნები იკვეთება.

"მუშაობის პროცესში არაერთხელ ჰქონია ადგილი მოსარჩელეთა შევიწროებასა და სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულებაში ხელის შეშლას. საქმეში წარდგენილია მხარეებს შორის პირადი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელშიც იკვეთება სექსუალური შევიწროება. სააგენტოს თავმჯდომარე მიმართავდა მოსარჩელეებს ისეთი ზედმეტსახელებით, რომლებიც მათთვის შეურაცხმყოფელი იყო. საჯარო რეესტრის თავმჯდომარე მესამე პირებთან აცხადებდა, რომ მოსარჩელე ქალები იყვნენ მისი "ციყვები", მათთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, მისი მიყვანილები იყვნენ და როცა უნდოდა, მაშინ გააგდებდა. საქმეში ასევე არსებობს მოწმეთა ჩვენებები", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამის შემდეგ, კიდევ ერთი განცხადება გააკეთა თეა წულუკიანმა. ის, პაპუნა უგრეხელიძის მსგავსად, ეკა მესხიძეს ე.წ. მსხვერპლს უწოდებს და ამბობს, რომ სამარცხვინოა, როცა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილით. იუსტიციის მინისტრი ამ განცხადებაშიც ამბობს იმას, რისი ამსახველი დოკუმენტაცია დღეს უწყებამ გაავრცელა - ეკა მესხიძის 27 მარტის მიმართვა. თეა წულუკიანს არაფერი უთქვამს იმაზე, მიიღო თუ არა მესხიძისგან წერილი ელექტრონულ ფოსტაზე, 2017 წლის 5 მაისს.

14 ივნისს პაპუნა უგრეხელიძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რეპუტაციის შელახვისთვის ეკატერინე მესხიძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. სწორედ ამ სარჩელის მიღებაზე უთხრა მას თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი.

კომენტარები