თბილისის მერია

"არსებობენ ადამიანები, ვისაც არ უხარია წინსვლა" - კალაძე მიუნხენში ავტობუსის ფერებს არჩევს

თბილისის მერი კახა კალაძე მიუნხენიდან, MAN-ის შოურუმიდან LIVE-თი ჩაერთო და მოქალაქეებს სამგზავრო ავტობუსების ფერების ვერსიები შესთავაზა. მისი თქმით, დაათვალიერა საწარმო, სადაც დაწყებულია თბილისისთვის განკუთვნილი ავტობუსების აწყობა. კალაძის აზრით, თბილისს უნდა ჰყავდეს თავისი ბრენდირებული ავტობუსები.

"არ ვართ ფერთან ჩამოყალიბებულები, ჩამოყალიბების პროცესში ვართ და მინდა ჩართულები იყოთ. ფერების საკმაოდ დიდი არჩევანია და რთულია გადაწყვეტილების მიღება" - ამბობს თბილისის მერი. 

მისი აზრით, უკეთესია მწვანე ფერი და შავის და თეთრის კომბინაცია.

"მწვანე იყოს უფრო მეტი, თეთრი და შავიც მოსახერხებელია, ასევე ვერცხლისფერი შეიძლება შავთან ერთად გაკეთდეს, ესეც ლამაზი იქნება. კარგი იქნება თუ დიზაინერული კომპანიები ჩაერთვებიან" - ამბობს კალაძე.

თბილისის მერი იმ ადამიანებს გამოეხმაურა, ვინც მას ტრანსპორტის ფერის ერთერთ პრიორიტეტად დასახვის გამო აკრიტიკებს.  კახა კალაძემ ჯერ ტაქსების ფერად განსაზღვრა თეთრი, ხოლო შემდეგ, "მწვანე პოლიტიკის გამო" განაცხადა, რომ ავტობუსების სავარაუდო ფერი მწვანე და თეთრის კომბინაცია იქნება.

"არავინ არა ვართ სულელები, არც მე, არც მერიის თანამშრომლები და არც თქვენ, ყველამ ვიცით არსებული პრობლემები და რა უნდა გაკეთდეს ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად. ვისაცარ აქვს მოსმენილი ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, მათ ვეტყოდი, რომ ნახეთ სტრატეგია. და კითხვები აღარ გექნებათ, თუმცა, კრიტიკოსები მაინც დარჩებიან. არსებობენ ადამიანები, ვისაც არ უხარია წინსვლა, სიახლეები. მგონი, უნდა გამოვიდეთ ვიწროპარტიული ინტერესებიდან" - ამბობს კალაძე.

კომენტარები