თბილისის მერია

"მწვანე თუ ვერცხლისფერი" - მერია ავტობუსის ფერებს Facebook-ში არჩევს

თბილისის მერია ავტობუსის ფერების არჩევას განაგრძობს. დედაქალაქის მთავრობა მოქალაქეებს გამოკითხვაში მონაწილეობას სთავაზობს. 

თბილისს 2019 წლის თებერვლიდან 90 ახალი ავტობუსი ეყოლება. ბრენდირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებს.

"შერჩევის პროცესში მოქალაქეების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ამიტომ გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება. შერჩეული ავტობუსების დიზაინიდან რომელს ისურვებდით თბილისში? გთხოვთ, თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ ხმის მიცემით" - წერს თბილისის მერია.

ორი კვირის წინ, თბილისის მერი კახა კალაძე მიუნხენში, MAN-ის შოურუმში იმყოფებოდა და LIVE-თ შესთავაზა მოქალაქეებს სამგზავრო ავტობუსების ფერების ვერსიები. მისი აზრით, უკეთესია მწვანე ფერი და შავის და თეთრის კომბინაცია.

"მწვანე იყოს უფრო მეტი, თეთრი და შავიც მოსახერხებელია, ასევე ვერცხლისფერი შეიძლება შავთან ერთად გაკეთდეს, ესეც ლამაზი იქნება. კარგი იქნება თუ დიზაინერული კომპანიები ჩაერთვებიან" - ამბობდა კალაძე.

თბილისის მერი მაშინ იმ ადამიანებს გამოეხმაურა, ვინც მას ტრანსპორტის ფერის ერთერთ პრიორიტეტად დასახვის გამო აკრიტიკებს. აღსანიშნავია, რომ კახა კალაძემ ჯერ ტაქსების ფერად განსაზღვრა თეთრი, ხოლო შემდეგ, "მწვანე პოლიტიკის გამო" განაცხადა, რომ ავტობუსების სავარაუდო ფერი მწვანე და თეთრის კომბინაცია იქნება.

"არავინ არა ვართ სულელები, არც მე, არც მერიის თანამშრომლები და არც თქვენ, ყველამ ვიცით არსებული პრობლემები და რა უნდა გაკეთდეს ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად. ვისაცარ აქვს მოსმენილი ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, მათ ვეტყოდი, რომ ნახეთ სტრატეგია. და კითხვები აღარ გექნებათ, თუმცა, კრიტიკოსები მაინც დარჩებიან. არსებობენ ადამიანები, ვისაც არ უხარია წინსვლა, სიახლეები. მგონი, უნდა გამოვიდეთ ვიწროპარტიული ინტერესებიდან" - ამბობს კალაძე.

კომენტარები