კანაფის კულტივაცია

კობახიძე: კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევა არჩევნებსაც უკავშირდება

მმართველი გუნდი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს. ამის შესახებ საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, პატრიარქთან და მღვდელმთავრებთან შეხვედრის მთავარი საკითხი კანაფის კულტივაციის კანონპროექტი იყო.

"ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდშიც, ასევე, უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება კანონპროექტის გაწვევა. როგორ მოგეხსენებათ, იყო განსხვავებული პოზიციები გუნდის შიგნით, ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა ფართო კონსენსუსის საფუძველზე, ეკლესიასთან და საზოგადოებასთან შეთანხმებით, ეს პირობა ჩვენ შევასრულეთ. საუბარი იყო ვადებზე, თუმცა, გუშინ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი ამ გადაწყვეტილების მიღების გადავადება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ახლავე ეს გადაწყვეტილება. ჩვენ გავითვალისწინეთ ეკლესიის პოზიცია, ასევე გავითვალისწინეთ სხვა კონფესიების წარმომადგენლების პოზიცია და, რა თქმა უნდა, ზოგადად საზოგადოების განწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ეს პრინციპული გადაწყვეტილება" მთავრობის უახლოეს სხდომაზე გაფორმდება.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლის მოზიდვას, ირაკლი კობახიძე ასე პასუხობს - "არჩევნებსაც უკავშირდება ეს, მინდა გითხრათ. კერძოდ, გუშინ როცა ვსაუბრობდით, ქალბატონმა სალომემ, თავისი პოზიცია მათ შორის იმ შეხვედრებით დაასაბუთა, რომელსაც ის ატარებდა რეგიონებსა თუ ქალაქებში საარჩევნო პროცესში. შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებმაც გვაჩვენა დამატებით ის განწყობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და, რა თქმა უნდა, ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ის, რაც არაერთხელ დაგვიმტკიცებია, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება საზოგადოების განწყობას, საზოგადოების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არის პასუხისმგებლბით აღსავსე და ამან განაპირობა საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების მიღება".

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს - განიხილებოდა მოდელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავიდოდა.

ამ ინიციატივიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელთა მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოქცეულიყო. 

ფინანსთა მინისტრმა კი თქვა, რომ მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის ექსპორტით ქვეყანა 1 მილიარდს იშოვიდა. 

ინიციატივას საზოგადოების ნაწილის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა. სასულიერო პირების ნაწილმა მთავრობის ინიციატივა გააკრიტიკა და პარაკლისიც გადაიხადა. წინააღმდეგი იყო მეუფე იაკობიც. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კი თქვა, რომ "სამშობლოსთვის გული ხელისუფლებასაც შესტკივა". 

მაშინ მმართველმა გუნდმა პარლამენტში კანონის განხილვა შეაჩერა, თუმცა არ გაუწვევია. 

გუშინ, 1 ნოემბერს პრესკონფერენცია მოიწვიეს ძალადობრივ ჯგუფის, ქართული მარშის წევრებმა და თქვეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარს დაუჭერდნენ, თუ ხელისუფლება ორ პირობას შეასრულებდა, მათგან ერთ-ერთი სწორედ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევაა. 

კომენტარები