კანაფის კულტივაცია

"ჩვენ ხალხს ვუსმენთ"- წულუკიანი კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევაზე

იუსტიციის სამინისტრო

ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც უსმენს ხალხს- ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ.

მინისტრის თქმით, ეს არის ხელისუფლების პასუხი ხალხის რეაქციაზე.

"ეს არის ხელისუფლება, რომელმაც მრავალჯერ აჩვენა, რომ როდესაც ხალხისგან იყო ხოლმე მწვავე რეაქცია ნებისმიერ საკითხზე, არა მხოლოდ სხვა საკითხზე... აქეთ დგას ჩვენი ხელისუფლება, რომელიც არის რეაქციის მქონე. ჩვენ ადრე გვყავდა ხელისუფლება, რომელიც არ იყო რეაქციის მქონე, რაც არ უნდა პროტესტი გამოგეთქვა, რეაგირება იყო ნული. ეს არის აბსოლუტურად სხვა სტილი მმართველობის, ხშირად ზოგიერთი ოპონენტი ამას სისუსტეშიც გვითვლის და სინამდვილეში ეს არის დემოკრატიულობა და არა სისუსტე",- ამბობს წულუკიანი. 

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა კანაფის კულტივაციის კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გამოიწვევს. ეს საკითხი მან და ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოში, ილია მეორესთან შეხვედარზე განიხილეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ გახარიამ თქვა, რომ არსებული პოლიტიკური კონტექსტიდან, მათ შორის არჩევნებიდან გამომდინარე, ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ იქნა მიღებული. 

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს - განიხილებოდა მოდელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავიდოდა.

ამ ინიციატივიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელთა მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოქცეულიყო. 

ფინანსთა მინისტრმა კი თქვა, რომ მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის ექსპორტით ქვეყანა 1 მილიარდს იშოვიდა. 

ინიციატივას საზოგადოების ნაწილის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა. სასულიერო პირების ნაწილმა მთავრობის ინიციატივა გააკრიტიკა და პარაკლისიც გადაიხადა. წინააღმდეგი იყო მეუფე იაკობიც. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კი თქვა, რომ "სამშობლოსთვის გული ხელისუფლებასაც შესტკივა". 

მაშინ მმართველმა გუნდმა პარლამენტში კანონის განხილვა შეაჩერა, თუმცა არ გაუწვევია. 

1 ნოემბერს პრესკონფერენცია მოიწვიეს ძალადობრივ ჯგუფის, ქართული მარშის წევრებმა და თქვეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარს დაუჭერდნენ, თუ ხელისუფლება ორ პირობას შეასრულებდა, მათგან ერთ-ერთი სწორედ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევაა

კომენტარები