კანაფის კულტივაცია

ზურაბიშვილი კანაფის კულტივაციაზე: ასეთი საკითხი საპატრიარქოს გარეშე არ უნდა წყდებოდეს

ქართული ოცნების მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გამოწვევას Facebook-ში ეხმაურება. კანონპროექტის გამოწვევის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ დღეს, საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.

"ხელისუფლების მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან გაზიარებული, პასუხობს საზოგადოებაში არსებულ განწყობასა და მოლოდინს. ეს იყო ის რაც ჩემ სამთვიან კამპანიის დროს ყველგან მოვისმინე ხალხისგან, უპირველეს ყოვლისა დედებისგან, საქართველოს ყოველ რეგიონში ... მიხარია, რომ ამ საერთო დასკვნამდე მივედით, რამეთუ ასეთი საკითხი საზოგადოების და საპატრიარქოს გარეშე არ უნდა წყდებოდეს" - წერს ზურაბიშვილი.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობა კანაფის კულტივაციის კანონპროექტს პარლამენტიდან გამოიწვევს, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება "არჩევნებსაც უკავშირდება". მისი თქმით, "გუშინ, როცა ვსაუბრობდით, ქალბატონმა სალომემ, თავისი პოზიცია მათ შორის იმ შეხვედრებით დაასაბუთა, რომელსაც ის ატარებდა რეგიონებსა თუ ქალაქებში საარჩევნო პროცესში. შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებმაც გვაჩვენა დამატებით ის განწყობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში".

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს - განიხილებოდა მოდელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავიდოდა.

ინიციატივას საზოგადოების ნაწილის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა. სასულიერო პირების ნაწილმა მთავრობის ინიციატივა გააკრიტიკა და პარაკლისიც გადაიხადა. წინააღმდეგი იყო მეუფე იაკობიც. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კი თქვა, რომ "სამშობლოსთვის გული ხელისუფლებასაც შესტკივა". მაშინ მმართველმა გუნდმა პარლამენტში კანონის განხილვა შეაჩერა, თუმცა არ გაუწვევია. 

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საეკლესიო პირმა სალომე ზურაბიშვილს "კანაფის დედოფალი" უწოდა და მისი რამდენიმე განცხადება გააკრიტიკა. მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ არ ესმის, "როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში". მისი აზრით, "ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ - არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად - მეუფეებს". 

კომენტარები